ახალი ამბები

პეტრე ცაავა დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტმა მამალაძე პატრიარქის ზეწოლის გამო არ შეიწყალა

6 იანვარი, 2020 • 3886
პეტრე ცაავა დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტმა მამალაძე პატრიარქის ზეწოლის გამო არ შეიწყალა

ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა დარწმუნებულია, რომ პრეზიდენტმა მამალაძე პატრიარქის ზეწოლის გამო არ შეიწყალა. 

“ეს უსჯულო ადამიანის ურცხვი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ეს არ იყო მისი პირადი გადაწყვეტილება. ეს არის ურცხვი პატრიარქის და უმადლო პატრიარქის ზეწოლის, ბრძანების და თანხმობის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება”, – განაცხადა პეტრე ცაავამ 6 იანვარს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ იწყალებს პატიმრობაში მყოფ დეკანოზ გიორგი მამალაძეს. 

“ისევე როგორც ციანიდის საქმე დაიგეგმა უსჯულო ხელისუფლების და უსჯულო საქართველოს წარმომადგენლების ერთობლივი გადაწყვეტილებით, დღესაც, ფაქტობრივად, პარალიზებული დეკანოზი დარჩა საპრყობილეში უსჯულო პრეზიდენტისა და საპატრიარქოს უსჯულო წარმომადგენლების ერთობლივი გადაწყვეტილებით. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბოლო სიტყვას უფალი იტყვის”, – დასძინა მან ტელეკომპანია “მთავარის” ეთერში. 

პრეზიდენტმა პატიმრობაში მყოფი დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა. ამის შესახებ მან 2020 წლის  6 იანვარს საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

პეტრე ცაავა მამალაძის გათავისუფლებას დიდი ხანია ითხოვს და მას უდანაშაულოდ მიიჩნევს. ის მღვმდელმთავრობიდან 2019 წლის ოქტომბერში გადააყენეს და ამის მიზეზად ჭყონდიდის ყოფილმა ეპისკოპოსმა ის დაასახელა, რომ სინოდის სხდომაზე პატრიარქ ილია მეორის ჰომოსექსუალობაზე ისაუბრა. ამას დაუსაბუთებელი ბრალდება უწოდა მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქომ. ილია მეორის ბრძანებით მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, რომელიც სინოდის გადაწყვეტილებით წმინდა სინოდის წევრობისა და ჭყონდიდის ეპარქიიდან გათავისუფლდა, შიომღვიმის მონასტერში განმწესდა, თუმცა ის არ ემორჩილება ამ ბრძანებას და თბილისში რჩება.

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე არ შეიწყალა

მასალების გადაბეჭდვის წესი