ახალი ამბები

მამალაძის პატიმრობის გახანგრძლივებაში მეუფე პეტრეს უსაზღვროდ დიდი როლი აქვს- მიტროპოლიტი დიმიტრი

7 იანვარი, 2020 • 2127
მამალაძის პატიმრობის გახანგრძლივებაში მეუფე პეტრეს უსაზღვროდ დიდი როლი აქვს- მიტროპოლიტი დიმიტრი

ბათუმისა და ლაზეთის ეპისკოპოსი,  მიტროპოლიტი დიმიტრი პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აფასებს დეკანოზ მამალაძის შეწყალების საკითხზე და ამბობს, რომ დეკანოზის პატიმრობის გახანგრძლივებაში ჭყონდიდის ყოფილ ეპისკოპოსს “უსაზღვროდ დიდი წვლილი აქვს”. 

“მოლოდინი გვქონდა, რომ გათავისუფლდებოდა, იმიტომ, რომ ჩვენ, სინოდმა მივიღეთ გადაწყვეტილება და მივმართეთ შუამდგომლობით. ის, რომ მისი ძმა გამოვიდა და იძახდა, რომ ვითომ დიალოგი იყო პრეზიდენტთან [რომ არ შეეწყალებინა], ეს სრული აბსურდია, საერთოდ ამ ადამიანს [თორნიკე მამალაძეს] ახასიათებს ქოსატყუილობა. 

მე დეკანოზმა მამალაძემ მომწერა წერილი, ის გახმაურებული წერილი, რომლის შინაარსაც ჭყონდიდელყოფილი [მეუფე პეტრე] არ ახმოვანებს –  თუ არ დამიხსნით ციხიდან, მე ამას ყველაფერს ჟურნალისტებს და სააგენტოებს გავაცნობო. მამალაძე აწერდა ხელს და ეს არის შანტაჟი. და იმაში, რომ მამალაძეს უხანგრძლივდება ციხეში ყოფნა, ფაქტია, რომ ჭყონდიდელყოფილს უსაზღვროდ დიდი როლი აქვს ამ საქმეში”, – განაცხადა მიტროპოლიტმა დიმიტრიმ 7 იანვარს საშობაო წირვის შემდეგ ჟურნალისტებთან. 

“თვითონ პრეზიდეტმა ბრძანა, მე ვიღებ პასუხისმგებლობასო. ცოტა მეუცნაურა პატრიარქის სიცოცხლის ხელყოფაზე საუბარი მის არგუმენტებში, თუმცა მე ეს იმით გავამართლე, რომ მორალური ტერორი ამ ხნის მანძილზე როგორც დეკანოზ მამალაძისგან, ასევე ჭყონდიდელყოფილისგან ყოველთვის იყო”, – დასძინა მან. 

6 იანვარს პრეზიდენტმა უარი თქვა დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე. შეწყალების შუამდგომლობით პრეზიდენტს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდმა 8 ნოემბერს მიმართა. პრეზიდენტის გადაწყვეტილების შემდეგ, ადვოკატის თქმით, დეკანოზმა შიმშილობა დაიწყო.

დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი