ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ თუ ოპოზიცია მზადაა, შეუძლიათ იმსჯელონ იმაზე, შემოუშვან თუ არა საქართველოში ის ადამიანები, რომელთაც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ქართული მხარისთვის მიუღებელი განცხადებები აქვთ გაკეთებული.
ამის შესახებ მან რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტზე საუბრისას გაანცხადა და ამ კონტექსტში გაიხსენა რამდენიმე კვირის წინ საქართველოში ლიეტუვის სეიმის წევრის, ჟიგიმანტას პავილიონისის ვიზიტი.
“ჩვენ შეიგვიძლია ვიმსჯელოთ, საერთოდ, ავკრძალოთ თუ არა რუსეთის ნებისმიერი მოქალაქის შემოშვება საქართველოში, რომელთაც სააკაშვილმა ომის შემდეგ სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გაუუქმა. ოღონდ მანამდე უნდა ვიმსჯელოთ, მაგალითად, ნაცმოძრაობის მომხრე პოლიტიკოსი ჟიგიმანტასი [პავილიონისი] უნდა შემოვუშვათ თუ არა ქვეყანაში, რომელმაც ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, პრაქტიკულად, იგივე თქვა, რაც თავის დროზე პოზნერმა. უნდა ვიმსჯელოთ, უნდა იყვნენ თუ არა საჯარო სივრცეში ის ადამიანები, ვინც ხელი მოაწერა რეზოლუციას, სადაც შავით-თეთრზე ეწერა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მათ შორის, პროტესტანტი გიორგი კანდელაკი, გოკა გაბაშვილი და ა.შ.
დასაფიქრებელია, რა რეაქცია უნდა მოჰყოლოდა “ნაციონალური მოძრაობის” სიის პირველი ნომრის ქმედებას, რომელმაც რუსთაველის გამზირზე, სადაც ქართველი ახლგაზრდების სისხლია დაღვრილი, რუსული სიმღერით დააგვირგვინა საარჩევნო კამპანია; უნდა გავაჩეროთ თუ არა ქვეყანაში პუტინთან ერთად “პაკლონნაია გარაზე” მდგომი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე, ვიმსჯელოთ, უნდა ჰქონდეს თუ არა უფლება, კაგებეს სამჭედლოში, “მგიმოში” გამოზრდილ ელენე ხოშტარიას ქართულ პოლიტიკაში ყოფნის; უნდა ვიმსჯელოთ, რა ვუქნათ, ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წარმოამდგენლების თქმითვე “ფეესბეს” რევოლუციიის მედროშე ირაკლი ოქრუაშვილს; უნდა მოვიფიქროთ, რა ეშველება რუსეთში მცხოვრები ოლიგარქის მინდია გულუას პრორუსული პარტიის პრესსპიკერ გიგა მაქარაშვილს; და საერთოდ, უნდა დავაყენოთ საკითხი, ახალგორის და კოდორის რუსეთისთვის გადამფორმებელ პოლიტიკურ ძალას აქვს თუ არა არსებობის უფლება ამ ქვეყანაში! თუ ამ ყველაფრისთვის მზად არიან, კი ბატონო, შეგვიძლია დავიწყოთ ეს პროცესი”, — განაცხადა მდინარაძემ.
ვლადიმირ პოზნერი საქართველოში გუშინ, 31 მარტს ჩამოფრინდა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ქვეყანაში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა იყო. მასთან ერთად ჩამოფრინდა 40 სტუმარიც.
პოზნერი თავდაპირველად სასტუმრო „რუმსში“ იმყოფებოდა, შემდეგ კი რესტორან „ვინოტელში“ გადავიდა, სადაც მას მეგობრებთან ერთად უნდა ევახშმა. რესტორანთან პოზნერს თან გაჰყვნენ აქტივისტები, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და შრომის ინსპექციაც. ამ უკანასკნელმა საბოლოოდ რესტორანი 10 ათასი ლარით დააჯარიმა, ხოლო პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსებით სასტუმრო „რუმსში“ დაბრუნდნენ.
აქტივისტები დილამდე იმყოფებოდნენ „რუმსთან“, მათმა ნაწილმა შენობას კვერცხები დაუშინა. რაც შეეხება პოზნერსა და მის თანხმლებ პირებს, ისინი მოსკოვში დღეს დილით გაბრუნდნენ.