“რეალობის სამწუხარო და სიმბოლური ასახვა თბილისში. ევროკავშირის მედიატორები — გარეთ, პუტინის პროპაგანდისტი — შიგნით”, – წერს ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი რუსი ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის საქართველოში ვიზიტზე.
“მოლაპარაკებების მეოთხე რაუნდი ჩავარდა. გასულ ღამეს ევროკავშირის მომლაპარაკებლებმა იმედგაცრუებულებმა დატოვეს საქართველო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანდრიუს კუბილიუსი ახალ სამიზნედ გახადა, მაგრამ მეორე დღეს ყოფილი საბჭოთა და პუტინის პროპაგანდისტი, რუსეთის ოკუპაციების მეხოტბე, მეგობრებთან ერთად, ჩადის თბილისში. რამდენადაც მე მესმის, ასეთი ადამიანები არ არიან საქართველოში დაშვებული”, – წერს პავილიონისი.
ის ხაზს უსვამს, რომ პოზნერი საქართველოში დაბადების დღის აღსანიშნად ჩავიდა პანდემიის დროს.
რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოფრინდა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ქვეყანაში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა იყო. მასთან ერთად ჩამოფრინდა 40 სტუმარიც.
პოზნერი თავდაპირველად სასტუმრო „რუმსში“ იმყოფებოდა, შემდეგ კი რესტორან „ვინოტელში“ გადავიდა, სადაც მას მეგობრებთან ერთად უნდა ევახშმა. რესტორანთან პოზნერს თან გაჰყვნენ აქტივისტები, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და შრომის ინსპექციაც. ამ უკანასკნელმა საბოლოოდ რესტორანი 10 ათასი ლარით დააჯარიმა, ხოლო პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსებით სასტუმრო „რუმსში“ დაბრუნდნენ.
აქტივისტები დილამდე იმყოფებოდნენ „რუმსთან“, მათმა ნაწილმა შენობას კვერცხები დაუშინა. რაც შეეხება პოზნერსა და მის თანხმლებ პირებს, ისინი მოსკოვში დღეს დილით გაბრუნდნენ.