კომენტარი

„გთხოვთ, გაერთიანდით“ — პავილიონისი ქართველებს

5 სექტემბერი, 2022 • 1161
„გთხოვთ, გაერთიანდით“ — პავილიონისი ქართველებს

ლიეტუვის სეიმის წევრი „ქრისტიან-დემოკრატებიდან“ ჟიგიმანტას პავილიონისი საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ერთობისკენ მოუწოდებს.

პავილიონისმა თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციაზე პარალელები გაავლო საქართველოსა და ლიეტუვის ევროინტეგრაციის გზაზე. თქვა, რომ ის და ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი, რომელიც „სოციალ დემოკრატებს“ წარმოადგენს, ყოველთვის ჩამოდიან თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე და დღეს ერთად შეხვდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს.

„ძალიან ირონიულია, რომ მაკკეინის ყველა კონფერენციაზე ჩვენ მოვდვართ სხვადასხვა სტატუსიით. ზოგჯერ ის მმართველია, მე —ოპოზიცია ან პირიქით. ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ერთად. ჩვენ — სოციალ-დემოკრატები და ქრისტიან-დემოკრატები — ვებრძვით ერთმანეთს. მაგრამ ერთიანი ვართ საქართველოზე, ყველა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ასპექტზე. დღეს სიმბოლურად ერთად შევხვდით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს და ვთხოვეთ ერთადერთი რამ — ერთობა, გთხოვთ, [ევროკომისიის] 12 პუნქტზე. ეს ჰგავს ლიეტუვის ისტორიას. ჩვენ გარკვეულწილად სულელები ვიყავით 1997 წელს. არ ვგავდით ესტონეთს. წინააღმდეგობას ვუწევდით, ვეჩხუბებოდით ბრიუსელს, ბევრი რამის გაკეთება არ გვინდოდა. მათ მიიწვიეს ესტონელები გაწევრიანების მოლაპარაკებებზე. ჩვენ გავერთიანდით და მიგვიწიეს ორ წელიწადში. თქვენ ახლა გაქვთ შანსი, მაგრამ არ გექნებათ ეს შანსი, თუ ისევ ერთმანეთთან ჩხუბს გააგრძელებთ. როდესაც ერთმანეთთან ჩხუბს ვამბობ, ყველას გგულისხმობთ. გთხოვთ, გაერთიანდით“, — განაცხადა პავილიონისმა და მაგალითად მოიყვანა, რომ ის ეთანამშრომლებოდა კომუნისტებს მიუხედავად იმისა, რომ სძულდა ისინი.

„ამიტომ, გთხოვთ, გაერთიანდეთ, იმიტომ რომ თუ თქვენ გააცდენთ კიდევ ერთ წელს, რუსები ბევრ შამპანიურს დალევენ. ეს მათი გამარჯვება იქნება. ომის შემდეგ მათ დატოვეს რუსული ტანკები ჩვენს გულებსა და გონებაში. და ისინი ისევ იბრძვიან. ბევრი პატარა ტანკი აქაცაა“, — თქვა პავილიონისმა.

მან ასევე ისაუბრა დასავლეთის როლზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში და პარალელი გაავლო მიუნხენის 1938 წლის შეთანხმებასთან.

„მე ვფიქრობ, ყველამ ნახა ფილმი მიუნხენი „ნეტფლიქსზე“. იმდენჯერ მინახავს ეს მიუნხენები ჩემს ცხოვრებაში. საქართველო 2008 წელს, ასევე, იყო 21-ე საუკუნის მიუნხენი. ნუ დააშოშმინებთ დიქტატორებს, ავტოკრატებს. გთხოვთ, ისწავლეთ საკუთარი ისტორიიდან, ამერიკის ისტორიიდან“, — მიმართა მან საერთაშორისო თანამეგობრობას.

მიუნხენის 1938 წლის შეთანხმებით დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი დასთანხმდნენ გერმანიისთვის ჩეხოსლოვაკიის სუდეტის ოლქის გადაცემას. შეთანხმება ჰიტლერის დაშოშმინების წარუმატებელ მცდელობად ითვლება.

მასალების გადაბეჭდვის წესი