საზოგადოება

“ეს ევროპაში ხდება?” – პავილიონისი ევროპარლამენტარების სააკაშვილთან არშეშვებაზე

13 ნოემბერი, 2021 • 3420
“ეს ევროპაში ხდება?” – პავილიონისი ევროპარლამენტარების სააკაშვილთან არშეშვებაზე

“ეს ევროპაში ხდება?”, – ასე ეხმაურება ლიეტუვის სეიმის (პარლამენტის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი ევროპარლამენტარების მიხეილ სააკაშვილთან არშეშვების საკითხს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელებში წერს.

“საქართველოს ხელისუფლებამ პატიმრობაში მყოფ საქართველოს პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის უფლება არ მისცა პოლონეთის საგარეო საქმეთა ყოფილ მინისტრს, ანა ფოტიგას, რომელიც თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა ევროპარლამენტისა და ლიტვის პარლამენტის დელეგატებთან, ლიეტუვის სეიმის წევრ რაიმუნდას ლოპატასა და სოციალ-დემოკრატ ვილია თარგამაძესთან ერთად. და ეს ევროპაში ხდება?”, – წერს პავილიონისი.

გუშინ, 12 ნოემბერს საქართველოში ვიზიტით სამი ევროპელი პოლიტიკოსი ჩამოვიდა. მათ შორისაა ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა და ლიეტუვის სეიმის ორი წევრი. დღეს, 13 ნოემბერს კი ფოტიგამ განაცხადა, რომ მას სააკაშვილთან შესვლის უფლება არ მისცეს.

სააკაშვილთან ციხეში ვიზიტზე იუსიტციის სამინისტრომ უარი უთხრა ლიეტუვის სეიმის წევრ რაიმუნდასაც.

“ნეტგაზეთი” ვიზიტზე უარის თქმის მიზეზის გარკვევას იუსტიციის სამინისტროსთან ცდილობს, თუმცა ამ დრომდე მათგან პასუხი არ მიგვიღია.

მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში იმყოფება. მისი განცხადებით, ის აქ მოტყუებით გადაიყვანეს. სააკაშვილი 44-ე დღეა შიმშილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი