ახალი ამბები

პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე “დროს აღარ დაკარგავს”

1 აპრილი, 2021 • 501
პრემიერი ამბობს, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებებზე “დროს აღარ დაკარგავს”

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, “ქართული ოცნება” ოპოზიციასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას აღარ აპირებს.

ღარიბაშვილის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის მედიატორის, კრისტიან დანიელსონის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტში ვადამდელ არჩევნებზე მინიშნებაც არ ყოფილა, ვინაიდან ქართველი ხალხის უდიდესი უმრავლესობა და მთელი მსოფლიო აღიარებს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს.

“შედეგების ლეგიტიმაციასთან დაკავაშირებით არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს. თუმცა, მთელი ცივილიზებული სამყაროსგან განსხვავებით, რადიკალური ოპოზიცია არ ცდილობს, გამოვიდეს ამ ჩიხიდან, სადაც თავად ნებაყოფლობით, თუმცა სრულიად გაუგებარი გათვლებით შევიდა. დავრწმუნდით, რომ მათ არ ეყოთ არც გამბედაობა და არც გონიერება, უარი ეთქვათ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ პრეტენზიებზე. დღეს, ვითარება ყველასთვის ცხადია, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ, აღარ დავკარგოთ დრო ამ ახირების განხილვაზე და მთლიანად ორიენვტირდეთ იმ საკითხებზე, რაც ჩვენს ხალხს აწუხებს”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, მთავრობა გეგმავს მასშტაბური პროექტების წარმოდგენას სოფლის მეურნეობის, ინფრასრუქტურისა და ეკონომიკის მიმართულებით და “არ ექნება დასაკარგი დრო უშინაარსო და არაპროდუქტიულ მოლაპარაკებებზე დასახარჯად”.

კრისტიან დანიელსონის მედიაციის მეორე რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. დანიელსონმა თქვა, რომ თბილისში გამართული შეხვედრების შესახებ ინფორმაციას მიაწვდის ევროპული საბჭოს პრეზიდენტს და შარლ მიშელი გადაწყვეტს, გაგრძელდება თუ არა ევროკავშირის მედიაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი