ახალი ამბები

პოზნერი და მასთან თანმხლები 31 პირი კარანტინის წესის დარღვევის გამო დავაჯარიმეთ — შსს

1 აპრილი, 2021 •
პოზნერი და მასთან თანმხლები 31 პირი კარანტინის წესის დარღვევის გამო დავაჯარიმეთ — შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში დააჯარიმეს 32 ადამიანი, რომელმაც კარანტინისა და თვითიზოლაციის წესი დაარღვია.

საუბარია იმ პირებზე, მათ შორის, რუს ტელეწამყვან ვლადიმერ პოზნერზე, რომლებიც გუშინ ქალაქში ჯერ სასტუმროში იყვნენ, შემდეგ კი რესტორნამდე და უკან ავტობუსით გადაადგილდებოდნენ 21:00 საათის შემდეგ.

შსს-ში ასევე ამბობენ, რომ გუშინ საქართველოში პოზნერთან ერთად40 ადამიანი ჩამოვიდა, თუმცა მათგან 9-ს არ დაურღვევია კარანტინის წესი.

ნეტგაზეთი ელოდება პასუხს შსს-გან, გადაიხადეს თუ არა ჯარიმა აღნიშნულმა პირებმა წასვლამდე.


რუსი ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში გუშინ, 31 მარტს ჩამოფრინდა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ქვეყანაში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა იყო. მასთან ერთად ჩამოფრინდა 40 სტუმარიც.

პოზნერი თავდაპირველად სასტუმრო „რუმსში“ იმყოფებოდა, შემდეგ კი რესტორან  „ვინოტელში“ გადავიდა, სადაც მას მეგობრებთან ერთად უნდა ევახშმა. რესტორანთან პოზნერს თან გაჰყვნენ აქტივისტები, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და შრომის ინსპექციაც. ამ უკანასკნელმა საბოლოოდ რესტორანი 10 ათასი ლარით დააჯარიმა, ხოლო პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსებით სასტუმრო „რუმსში“ დაბრუნდნენ.

აქტივისტები დილამდე იმყოფებოდნენ „რუმსთან“, მათმა ნაწილმა შენობას კვერცხები დაუშინა. რაც შეეხება პოზნერსა და მის თანხმლებ პირებს, ისინი მოსკოვში დღეს დილით დაბრუნდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი