ახალი ამბები

პოზნერს და მის დელეგაციას შსს-გან საშვები ჰქონდათ – კანდელაკი

1 აპრილი, 2021 • 967
პოზნერს და მის დელეგაციას შსს-გან საშვები ჰქონდათ – კანდელაკი

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი კანდელაკი აცხადებს, რომ რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტს, ვლადიმირ პოზნერსა და მასთან ერთად მყოფ პირებს საშვები ჰქონდათ, რომელიც ე.წ. კომენდანტის საათის განმავლობაში გადაადგილებისთვისაა საჭირო. ამასთან, კანდელაკი ამბობს, რომ საშვები შინაგან საქმეთა სამინისტროში გასცეს, აქედან გამომდინარე, გუშინდელ ვიზიტზე გადაწყვეტილება უმაღლეს დონეზე მიიღეს.

„მსურს გამოვეხმაურო ქვეყნის ტერიტორიაზე რუსი პროპაგანდისტის, ვლადიმერ პოზნერის შემოშვებას და გუშინდელ მოვლენებს. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად, მთელ ამ დელეგაციას მინიჭებული ჰქონდა საშვები საქართველოს შსს-ს მიერ. ქვეყანაში მათი შემოშვების გადაწყვეტილება მიიღეს უმაღლეს დონეზე და ამ საკითხზე ინფორმირებული იყო შს მინისტრიც. მათ საშვები ჰქონდათ, რამაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. მაშინ, როცა კეთილსინდისიერი მოქალაქეები ჩარაზული არიან სახლში, ეს ხალხი მიაცილა სახლში საქეიფოდ პოლიციის ესკორტმა, რაც წინასწარ საშვების გარეშე და მაღალი დონის შეთანხმების გარეშე შეუძლებლი იქნებოდა. რა დააშავა უამრავმა რესტორანმა, რომელიც ვერ იხსნება?!”, – აცხადებს კანდელაკი.

მისივე შეფასებით, პოზნერის თბილისში ჩამოსვლა სერგეი გავრილოვის ვიზიტის თანაზომიერია:

“პოზნერი საბჭოთა კავშირის დროს ხელმძღვანელობდა საბჭოთა კავშირის ინგლისურენოვან მაუწყებლობას საზღვარგარეთ, რაც უშუალოდ იყო დაკავშირებულის საბჭოთა კავშირის უშიშროების კომიტეტთან, იგი სხვადასხვა დროს იცავდა რუსეთის შეიარაღებულ აგრესიას სხვადასხვა ქვეყნების მიმართ. პოლიტიკურად არაფრით განსხავდება ქვეყნის ტერიტორიაზე მისი შემოშვება გავრილოვის შემოშვებასთან. გავრილოვისგან განსხვავებით, შესაძლოა, ის უბრალოდ საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდა, მაგრამ პროპაგანდის ფონზე მნიშვნელოვანი მაკოორდინირებელი ფიგურა იყო.”

ნეტგაზეთი ინფორმაციის გადასამოწმებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებისგან ინფორმაციის მიღებისთანავე მასალა განახლდება.

მასალა განახლდა მთავრობის ადმინისტრაციის კომენტარით: მთავრობის ადმინისტრაცია დეზინფორმაციას უწოდებს კანდელაკის განცხადებას და ამბობს, რომ პოზნერი და მასთან ერთად მყოფი პირები საპატრულო პოლიციამ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10) – ე მუხლის შესაბამისად, დააჯარიმა.

“შესაბამისად, სრული დეზინფორმაცია და აბსურდია იმის მტკიცება, რომ თითქოს ვლადიმერ პოზნერი და მისი თანმხლები პირები გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვისთვის საჭირო საშვებით სარგებლობდნენ”,-აცხადებენ მთავრობის პრესსამსახურში.


ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოფრინდა.

მისი თქმით, ქვეყანაში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნის მიზნით იმყოფებოდა. მასთან ერთად საქართველოს 40-მდე პირიც ეწვია.

პოზნერი თავდაპირველად სასტუმრო “ვინოტელში” იმყოფებოდა. მოგვიანებით იგი და მისი სტუმრები შსს-მ ავტობუსით სასტუმრო რუმსში გადაიყვანა, რომელიც გამთენიისას, დაახლოებით 6 საათზე დატოვა.

პოზნერმა საქართველო დაგეგმილზე ადრე, დღეს, დაახლოებით 08:00 საათზე დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი