ახალი ამბები

შსს-მ პოზნერის საჯარიმო ქვითრის ფოტო გამოაქვეყნა

1 აპრილი, 2021 • 1414
შსს-მ პოზნერის საჯარიმო ქვითრის ფოტო გამოაქვეყნა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კარანტინის წესების დარღვევისთვის რუსეთის “პირველი არხის” ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის 2 ათასი ლარით დაჯარიმების ქვითარი გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, 2 ათასი ლარით პოზნერთან ერთად მყოფი პირებიც დააჯარიმეს.

“სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ საქართველოში მიმდინარე წლის 31 მარტს სტუმრად მყოფი პირები, რომლებმაც დაარღვიეს იზოლაციის და კარანტინის წესები, არ დაჯარიმებულან.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, ვასაჯაროებთ ადმინისტრაციული ჯარიმის ქვითარს და აქვე, კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42(10) – ე მუხლის შესაბამისად, დაჯარიმდა 32 პირი, ამასთან, ყველა მათგანის ჯარიმა გადახდილია, რის შემდეგაც მათ დატოვეს ქვეყანა” ,— წერია შსს-ს განცხადებაში.

სხვადასხვა მედიასაშუალების მიერ ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, რომ საქართველოში მიმდინარე წლის 31 მარტს სტუმრად მყოფი…

Posted by შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი on Thursday, April 1, 2021

პოზნერმა დღეს, პირველ აპრილს, განაცხადა, რომ საქართველოში არ დაუჯარიმებიათ.

მანამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პოზნერი და მისი თანმხლები 31 პირი კარანტინის წესის დარღვევისთვის დააჯარიმა.

“ჩვენგან საერთოდ არავინ ყოფილა დაჯარიმებული”, – განუცხადა პოზნერმა “რია ნოვოსტის”.


რუსეთის “პირველი არხის” ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოფრინდა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ქვეყანაში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა იყო. მასთან ერთად ჩამოფრინდა 40 სტუმარიც.

პოზნერი თავდაპირველად სასტუმრო „რუმსში“ იმყოფებოდა, შემდეგ კი რესტორან  „ვინოტელში“ გადავიდა, სადაც მას მეგობრებთან ერთად უნდა ევახშმა. რესტორანთან პოზნერს თან გაჰყვნენ აქტივისტები, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და შრომის ინსპექციაც. ამ უკანასკნელმა საბოლოოდ რესტორანი 10 ათასი ლარით დააჯარიმა, ხოლო პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსებით სასტუმრო „რუმსში“ დაბრუნდნენ.

აქტივისტები დილამდე იმყოფებოდნენ „რუმსთან“, მათმა ნაწილმა შენობას კვერცხები დაუშინა. რაც შეეხება პოზნერსა და მის თანხმლებ პირებს, ისინი მოსკოვში დღეს დილით გაბრუნდნენ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი