საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რუსეთის “პირველი არხის” ჟურნალისტის, ვლადიმირ პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ პროტესტს ეხმაურება. ის პარალელს ავლებს თავის გამოხმაურებასთან მიხეილ გორბაჩოვის მიერ 2008 წლის ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე.
როგორც სააკაშვილი წერს, მაშინ გორბაჩოვს თავად გასცა პასუხი, გუშინ კი პოზნერს — ქართულმა ახალგაზრდობამ.
“ზუსტად იგივე რაღაცები იძახა არაერთხელ. პოზნერმა თქვა ის, რასაც 2008 წლის აგვისტოში იძახოდა გორბაჩოვი — ის ავრცელებდა კრემლის პროპაგანდას 2000 დაღუპულზე და პირდაპირ იყო ჩართული საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიაში. ეს არის ის პასუხი, რომელიც მე გავეცი გორბაჩოვს, რომელიც იგივეს ამბობდა მაშინდელ CNN-ის პირდაპირ ეთერში. გორბაჩოვის ტყუილების მერე ჩამრთეს ეთერში.
მე მაშინ შევძელი მხოლოდ გორბაჩოვისთვის გამეცა პასუხი პირდაპირ ეთერში და სულ სამარცხვინო და თავისმომჭრელი ვეძახე.
სპეციალურად გამოიყვანეს მაშინ გორბაჩოვი და პოზნერი, როგორც ის რუსები, ვისაც ჯერ კიდევ დასავლეთში რაღაც ავტორიტეტი ჰქონდა, რათა ჰიბრიდულ ომში დაეჯერებინათ დასავლეთი, რომ საქართველოს ბრალი იყო ყველაფერი. ეს ხალხი გაჭირვების ტალკვესია პუტინის ყველა ასეთ მომენტში. მაშინ მე გავეცი პასუხი გორბაჩოვს, გუშინ ქართულმა ახალგაზრდობამ გასცა პასუხი უკვე პოზნერს, მრავალი წლის შემდეგ”, — წერს სააკაშვილი.
რუსეთის “პირველი არხის” ჟურნალისტი ვლადიმირ პოზნერი საქართველოში 31 მარტს ჩამოფრინდა. მისი თქმით, ვიზიტის მიზანი ქვეყანაში საკუთარი დაბადების დღის აღნიშვნა იყო. მასთან ერთად ჩამოფრინდა 40 სტუმარიც.
პოზნერი თავდაპირველად სასტუმრო „რუმსში“ იმყოფებოდა, შემდეგ კი რესტორან „ვინოტელში“ გადავიდა, სადაც მას მეგობრებთან ერთად უნდა ევახშმა. რესტორანთან პოზნერს თან გაჰყვნენ აქტივისტები, ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია და შრომის ინსპექციაც. ამ უკანასკნელმა საბოლოოდ რესტორანი 10 ათასი ლარით დააჯარიმა, ხოლო პოზნერი და მისი მეგობრები ავტობუსებით სასტუმრო „რუმსში“ დაბრუნდნენ.
აქტივისტები დილამდე იმყოფებოდნენ „რუმსთან“, მათმა ნაწილმა შენობას კვერცხები დაუშინა. რაც შეეხება პოზნერსა და მის თანხმლებ პირებს, ისინი მოსკოვში დღეს დილით გაბრუნდნენ.