ახალი ამბები

თბილისში გრიბოედოვის ძეგლის შეურაცხყოფა პროვოკაციაა – ზახაროვა

2 აპრილი, 2021 •
თბილისში გრიბოედოვის ძეგლის შეურაცხყოფა პროვოკაციაა – ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, მარია ზახაროვას განცხადებით, თბილისში ალექსანდრე გრიბოედოვის ძეგლის შეურაცხყოფა პროვოკაციაა, რომელსაც კავშირი აქვს ქვეყანაში რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტის, ვალდიმირ პოზნერის ვიზიტის დროს მომხდარ ინციდენტთან.

“ჩვენ ამ მოვლენებს ვაფასებთ, როგორც ექსტრემისტული ძალების მცდელობას, რომ ზიანი მიაყენონ რუსულ-ქართული ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს”, – განაცხადა მარია ზახაროვამ.

რია ნოვოსტის ცნობით, ზახაროვას მიაჩნია, რომ “არანაირ მოტივს არ შეუძლია გაამართლოს ძეგლზე განხორციელებული ვანდალიზმი”.

“ცივილიზებულ საზოგადოებაში ამგვარი აქტი იწვევს შეშფოთებასა და მის დაგმობას. ამგვარი მოქმედებები კიდევ უფრო მიუღებელია იმ შემთხვევაში, თუ მხედველობაში მივიღებთ თავად გრიბოედოვის პერსონალურ ღვაწლს, რაც მას საქართველოსა და რუსეთის ისტორიაში მიუძღვის”, – განაცხადა ზახაროვამ.

უცნობმა პირებმა ალექსანდრე გრიბოედოვის ძეგლზე გააკეთეს რუსულენოვანი წარწერა, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც “რუსეთი ბოროტებაა”, გარდა ამისა, მათ ძეგლზე დაიტანეს ვლადიმირ პოზნერის შეურაცხმყოფელი ციტატაც.

წარწერა საკუთარი ნებით წაშალა თბილისის საკრებულოს დებუტატმა ერეკლე კუხიანიძემ, რომლის განცხადებითაც “საქართველოს მტრების ჯინაზე, მსგავსი ბარბაროსობა აღარ იქნება”.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი