საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, სახელმწიფო პირდაპირ კომუნიკაციაშია “ფაიზერთან” და COVID-19-ის ვაქცინის სხვა მწარმოებლებთან.
ჯანდაცვის მინისტრის თქმით, ამჟამად კომპანიისგან ელოდებიან დასტურს 1 მილიონი დოზა ვაქცინის შეძენაზე და მიწოდების დროსა და ფორმებზე:
“რაც შეეხება “ფაიზერს” და სხვა მწარმოებლებს, ჩვენ გვაქვს მათთან პირდაპირი კომუნიკაცია. “ფაიზერთან” მიმართებით საბოლოო კომუნიკაციის შეჯერება მოხდა 1 მილიონ დოზაზე, თუმცა ამ ეტაპზე ჩვენ ველოდებით დასტურს მათგან, თუ როდის და რა ფორმატით იქნება მოწოდება, ან რა განრიგი იქნება შემოთავაზებული”, — აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.
მისი თქმით, საქართველოს გარდა არცერთ სხვა ქვეყანაში მოქალაქეებს ვაქცინებს შორის არჩევანის შესაძლებლობა არ აქვთ და აღნიშნული პრაქტიკის გამო საერთაშორისო პარტნიორებისგან შენიშვნაც მიიღეს:
“ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან მივიღეთ შენიშვნა, რომ ვასხვავებთ ვაქცინებს. მსოფლიოში არსად ადამიანებს არ აქვთ არჩევანის შესაძლებლობა. ისინი უბრალოდ მიდიან და იკეთებენ ვაქცინას და არ არჩევენ მათ სახელის და მწარმოებლის მიხედვით, რადგანაც მიჩნეულია, რომ ყველა ვაქცინას აქვს ერთნაირად მაღალი ეფექტიანობა, მათ აქვთ ნაკლები ზიანი და მეტი სარგებელი” ,— აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი.