საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, გაფართოვდა იმ ჯგუფების სია, რომლებიც COVID-19-ზე აიცრებიან.
ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება 55 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე იმ პირებისთვის, რომლებიც დიალიზს საჭიროებენ ან ორგანოები აქვთ გადანერგილი:
“ჩვენ ვიმსჯელეთ კალენდართან მიმართებით, რომლითაც საქართველო ხელმძღვანელობს ვაქცინაციასთან მიმართებით. საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ვაქცინაციის ჯგუფს დავამატებთ ჩვენს მოქალაქეებს 55 წლის ზემოთ. ეს გამოწვეულია იქიდან, რომ დავაკვირდით, რამდენად დიდია ინტერესი და აქტივობა 65 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის და ამასთან, იყო საკმაოდ დიდი მოთხოვნა სწორედ იმ ჯგუფს შორის, რომელიც 55 დან 65 წელს მოიცავდა.
ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული დიალიზის პაციენტებთან დაკავშირებით. მათთვის ხელმისაწვდომი გახდება ვაქცინა, რადგან ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რისკის მატარებელი ჯგუფია. მათი აცრა მოხდება იმ დაწესებულებებში, სადაც გადიან დიალიზის თერაპიას. ორგანოგადანერგილი ადამიანები ასევე წარმოადგენენ მაღალი რისკის მქონე პირებს და, შესაბამისად, იქნებიან ჩართული ვაქცინაციის პროცესში”, – ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.
