ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ენმ-ის თავმჯდომარის, ნიკა მელიას გირაოს გადახდის შემთხვევაში, “ოცნება” მზად იყო, 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონი მიეღო. ამის შესახებ კობახიძემ კრისტიან დანიელსონის მედიაციით კვლავ შეთანხმების გარეშე დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა.
როგორ კობახიძემ თქვა, ოპოზიცია ამ შეთავაზებას არ დათანხმდა.
“ბატონი დანიელსონის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტი ასახავდა ჩვენს შეთავაზებას ნიკა მელიასთან დაკავშირებით. კერძოდ, დოკუმენტში აისახა ჩვენი შეთავაზება, რომლის თანახმადაც, გირაოს გადახდის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ უზრუნველყოფდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტიის კანონის მიღებას.
20 ივნისს ორი პოლიტიკური პოლუსის ორ მხარეს იდგა: ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომა და ოპოზიცის მიერ ჩადენილი დანაშაული. ეს დანაშაული გამოხატული იყო უმძიმესი ფორმით, მათ შორის პარლამენტში ძალადობრივი შეჭრის მცდელობითა და პოლიციელებზე განსაკუთრებით მძიმე ძალადობით, რაშიც ნიკა მელიამ განსაკუთრებული როლი შეასრულა.
მიუხედავად იმისა, რომ დანაშაული ვერასდროს გახდება შეცდომის საპირწონე, ჩვენ მხედველობაში მივიღეთ ყველა გარემოება და საერთაშორისო პარტნიორების მოწოდებების გათვალისწინებით, გამოვთქვით თანხმობა ამნისტიის კანონთან დაკავშირებით.
ნიკანორ მელიამ ვერ განახორციელა თავისი მუქარა სახელმწიფოს წინააღმდეგ, არ გადაიხადა და დაიჭირეს. შესაბამისად, ის არის სრულად გაკოტრებული პოლიტიკოსი და მოქალაქე, რომელსაც სახელმწიფომ შეურაცხყოფისთვის შესაფერისი პასუხი გასცა. შესაბამისად ამნისტიის საფუძველზე მისი გათავისუფლება ვერავითარ პრობლემას შეუქმნის სახელმწიფოს, თუმცა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა ოპოზიციამ”, – განაცხადა კობახიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის შეხვედრა დღეს, 30 მარტის 17:00 საათიდან მიმდინარეობდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ის უშედეგოდ დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდა კრისტიან დანიელსონის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული შეთანხმების პროექტი, რომელიც 5 ნაწილისგან შედგება: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა; კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა; პარლამენტში ძალაუფლების განაწილება; მომავალი არჩევნები.
“ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა, ოპოზიციდამ კი — ხელისუფლებას.