“ლელოს” ერთ-ერთი ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციის პროცესი გრძელდება. ამის შესახებ მან მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებების შეთანხმების გარეშე დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც ჯაფარიძემ თქვა, დანიელსონის მედიაციით სამი პუნქტი გამოიკვეთა: მართლმსაჯულების რეფორმა(დეპოლიტიზაციისკენ ნაბიჯების გადადგმა), საარჩევნო რეფორმა, ხელისუფლების გადანაწილების პრინციპი.
“რაც შეეხება საკითხებს, დაკავშირებულს პოლიტიკურ პატიმრებთან, მელიასთან დაკავშირებით იქნა შემოთავაზებული გადაწყვეტილება, მაგრამ რურუასთან მიმართებაში არ იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც პასუხობს სრულად ამ პრობლემის გადაჭრას, ამიტომ, ამ მიმართულებით უნდა გავაგრძელოთ ძალისხმევა”, — განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძის თქმით, ახლა ოპოზიციის ამოცანაა, რომ მედიატორების ძალისხმევით და ევროკავშირის ზეწოლით “ოცნებას” მათ მიერ შეთანხმებული პუნქტების რეალიზაცია განახორციელებინონ.
“8 წლის განმავლობაში, როდესაც ძალამ არაფერი არ გააკეთა, მაგრამ დღეისათვის მისული ვართ იმ მდგომარეობაში, სადაც ვიმყოფებით, რომ ასეთი ნაბიჯებია გადასადგმელი, რომ იქნებ რამე გაუმჯობესება ვნახოთ, რა თქმა უნდა, ასეთი ძალის[“ქართული ოცნების”] სიტყვის ნდობა არ შეიძლება, იმიტომ, რომ ჩვენ არ გვინახავს კონკრეტული ნაბიჯები 8 წლის განმავლობაში. შეიძლებოდა თუ არა ამ რეფორმების გატარება? – რა თქმა უნდა, შეიძლებოდა, მაგრამ არ იყო ნება. ახლა იქნებ მედიატორების ძალისხმევით და ევროკავშირის ზეწოლის წყალობით მოვახერხოთ, რომ “ქართულმა ოცნებამ” განახორციელოს ჩვენ მიერ შეთანხმებული პუნქტების რეალიზაცია, ეს არის ამოცანა” ,— განაცხადა ჯაფარიძემ.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციასა და “ქართულ ოცნებას” შორის შეხვედრა დღეს, 30 მარტის 17:00 საათიდან მიმდინარეობდა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ის უშედეგოდ დასრულდა.
შეხვედრის შემდეგ გასაჯაროვდა კრისტიან დანიელსონის მიერ პარტიებისთვის შეთავაზებული შეთანხმების პროექტი, რომელიც 5 ნაწილისგან შედგება: პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმულ საკითხებზე რეაგირება; ამბიციური საარჩევნო რეფორმა; კანონის უზენაესობა/სასამართლო რეფორმა; პარლამენტში ძალაუფლების განაწილება; მომავალი არჩევნები.
“ქართულმა ოცნებამ” მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულებაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციას დააკისრა.