ახალი ამბები

მოლაპარაკებების პარალელურად, ევროკავშირის ოფისთან აქცია იმართება

30 მარტი, 2021 •
მოლაპარაკებების პარალელურად, ევროკავშირის ოფისთან აქცია იმართება

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან, სადაც ამ წუთებში “ქართულ ოცნებასა” და ოპოზიციას შორის შეხვედრა მიმდინარეობს, მოძრაობის “საქართველოსთვის” აქტივისტები აქციას მართავენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან მათი მისვლის მიზანი იმ პოლიტიკოსების მხარდაჭერაა, რომლებიც “ქართველ ხალხს წარმოადგენენ” მოლაპარაკებების მაგიდასთან. მათი თქმით, “ქართულმა ოცნებამ” არ გამოავლინა საკმარისი პოლიტიკური ნება, რომ შეთანხმება შემდგარიყო.

“ყველაზე მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხი არის ორი: ვადამდელი არჩევნების დანიშვნა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება”, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ალიკა კუპრავამ.

მანვე აღნიშნა, რომ შეიძლება, ვადამდელ არჩევნებამდე მისასვლელ გზამდე შედგეს კომპრომისი, მაგრამ ამ საკითხის მიბმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს ადგილობრივ არჩევნებთან.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით ოპოზიციისა და “ქართული ოცნებას” შორის შეხვედრა 17:00 საათზე დაიწყო და ამ დრომდე არ დასრულებულა.

მოლაპარაკებების მაგიდასთან პარტიებიდან წარმოდგენილნი იყვნენ: “ქართული ოცნება”, “ნაციონალური მოძრაობა”, “ევროპული საქართველო”, რესპუბლიკური პარტია, “გირჩი”, “ლელო”, “გირჩი – მეტი თავისუფლებისთვის”, “სტრატეგია აღმაშენებელი” და “მოქალაქეები”.

შეხვედრას არ ესწრებოდნენ “ლეიბორისტული პარტიისა” და “პატრიოტთა ალიანსის” წევრები.

წინა დღით ცნობილი გახდა, რომ კრისტიან დანიელსონს, როგორც მედიატორს, სწორედ 30 მარტის შეხვედრაზე უნდა წარმოედგინა შეთანხმების დოკუმენტის პროექტი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი იმედოვნებდა, რომ პარტიები პასუხისმგებლობას აიღებდნენ და შეთანხმების დოკუმენტს ხელს მოაწერდნენ.

კრისტიან დანიელსონი პარტიებს შორის მედიაციის მიზნით საქართველოს უკვე მეორედ, მას შემდეგ ესტუმრა, რაც მოლაპარაკებების პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ის ქვეყანაში 27 მარტის ღამით ჩამოვიდა. ვიზიტის ბოლო დღედ 30 მარტია განსაზღვრული.

მასალების გადაბეჭდვის წესი