“ნაციონალური მოძრაობის” წევრი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ არასასურველი შედეგი, რომლითაც შეიძლება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დასრულდეს, ოპოზიციის დანაწევრებაა. ამის შესახებ მან “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” არის პარიტეტული ყველას მიმართ და კრიზისი იმგვარად უნდა დასრულდეს, რომ გამარჯვებული დარჩეს დემოკრატიის მომავალი.
“თუ შევხედავთ გასულ თვეებში, ვნახავთ, რომ “ნაციონალური მოძრაობა“, მიუხედავად ჩვენი რაოდენობრივად მეტი მანდატისა, საკმაოდ პარიტეტულ საწყისებზე მონაწილეობს ოპოზიციურ გაერთიანებაში. ჩვენ ვითვალისწინებთ, მათ შორის, ჩვენზე მცირე პოლიტიკური მოთამაშეების აზრს. დღეს საინტერესო დღეა და საინტერესოა, სად აღმოვჩნდებით დღის ბოლოს. ჩვენს პარტიაში არის განწყობა, რომ შეთანხმებისათვის ყველაფერი უნდა გაკეთდეს, მაგრამ რამდენად შექმნის შესაძლებლობებს შეთანხმების შესაძლო ვარიანტი, ვნახოთ, დაველოდებით მოვლენების განვითარებას. ვფიქრობ, ალბათ, არასასურველი საბოლოო შედეგი დღეს საღამოს შეიძლება იყოს, რომ ჩვენ მივიღოთ დანაწევრებული ოპოზიცია. ეს იქნებოდა არასასურველი”, — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი პარტიებს შორის მედიაციის მიზნით საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს. როგორც დანიელსონმა განაცხადა, ის საქართველოში სამი დღით, სამშაბათამდე, 30 მარტამდე, დარჩება.
გუშინ, 29 მარტს კრისტიან დანიელსონმა განაცხადა, რომ დღეს, 30 მარტს, „ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების შესახებ თავის წინადადებას შეხვედრაზე მიიტანს.
მისივე თქმით, თავად პარტიებმა უნდა აიღონ პასუხისგმებლობა და ამგვარ დოკუმენტს ხელი მოაწერონ.
კრისტიან დანიელსონი საქართველოში თავდაპირველად 12 მარტს ჩამოვიდა. ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციის ფარგლებში, დანიელსონმა არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, “ქართულ ოცნებასთან”.
17-18 მარტს მედიატორი მხარეებს ერთობლივად შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა და კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.