ახალი ამბები

ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სასულიერო პირებს და მრევლის ნაწილს ზიარება აუკრძალა

30 მარტი, 2021 • 795
ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სასულიერო პირებს და მრევლის ნაწილს ზიარება აუკრძალა

ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტ პეტრეს მხარდამჭერ 11 სასულიერო პირს ზიარება აუკრძალა “საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში განხეთქილების მცდელობასა და დაუმორჩილებლობის ქმედებებში მონაწილეობის გამო”.

ზიარება ეკრძალებათ მონაზონ ბასილ გვილავას, მონაზონ ამბროსი სხულუხიას, მონაზონ დავით ხელაიას, მონაზონ მარკოზს წულაიას, მონაზონ მიქაელს ჯალაღონიას, მონაზონ სოსანა ბოლქვაძეს, მორჩილ მირიან კვანტალიანს,  მორჩილ ზაზა ჭოხონელიძეს, მორჩილ ჯაბა ცეცხლაძესა და მორჩილ ნინო გამყრელიძეს.

ჭყონდიდის მიტროპოლიტის ბრძანების თანახმად, ზიარება ეკრძალებათ აგრეთვე იმ ერის ადამიანებს, რომლებმაც “მონაწილეობა მიიღეს ჭყონდიდელი მიტროპოლიტის რეზიდენციაზე თავდასხმაში და მღვდელმთავრის შეურაცხყოფაში”.

“ზიარების უფლების დაბრუნება შესაძლებელი იქნება ჭყონდიდის მიტროპოლიტ სტეფანეს სახელზე დაწერილი სინანულის წერილის საფუძველზე”, – ნათქვამია ბრძანებაში.

ჭყონდიდის მიტროპოლიტის კიდევ ერთი ბრძანებით, მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვრის პოსტიდან გადაყენებულია მონაზონი სოსანა ბოლქვაძე. ბრძანების თანახმად მონაზონს წინამძღვრის პატივი “თვითნებურად ჰქონდა მითვისებული”. თავად სოსანა ბოლქვაძის განცხადებით, ის წინამძღოლად თავად მონაზვნებმა აირჩიეს. მას შემდეგ, რაც მონასტრის წინა ხელმძღვანელმა თამარ გამყრელიძემ ჭყონდიდის ეპარქია მიტროპოლიტ პეტრესთან ერთად დატოვა, მონასტრის კეთილმოწესედ ნატალია კერესელიძე დაინიშნა.

ჭყონდიდის მიტროპოლიტის ბრძანებაში სოსანა ბოლქვაძის გათავისუფლების მიზეზი არ წერია, თუმცა მონაზვნები ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ სოსანა ბოლქვაძის მიერ ლოცვებში პატრიარქის მოხსენიებაზე უარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი