ახალი ამბები

სუეცის არხში გაჭედილი გემი თითქმის სრულიად გათავისუფლდა

29 მარტი, 2021 • 1098
სუეცის არხში გაჭედილი გემი თითქმის სრულიად გათავისუფლდა

400-მეტრიანი საკონტეინერო გემი, რომელსაც ეგვიპტეში, სუეცის არხი ჰქონდა ჩახერგილი, მაშველებმა გაათავისუფლეს. ინფორმაციას ბრიტანული BBC სუეცის არხის ოფიციალურ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გემი წყალქვეშა ქვიშის გორაკზე იყო შემდგარი, რის გამოც მისი გადაადგილება შეუძლებელი იყო. სუეცის არხის ჩაკეტვამ დროებით შეაჩერა სატვირთო გემების ხმელთაშუა ზღვიდან და წითელ ზღვაში გადაადგილება და პირიქით.

მიუხედავად იმისა, რომ გემი ქვიშის გორაკიდან გათავისუფლდა, მისი სამაშველო სამუშაოები ჯერჯერობით კვლავ არ დასრულებულა. როგორც სამაშველო სამუშაოებში ჩართული კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, მისი საბოლოო გათავისუფლება “ადვილი არ იქნება”.

იმის გამო, რომ გემი ნაწილობრივ გათავისუფლდა, არსებობს მოლოდინი, რომ სამაშველო სამუშაოები უახლოეს საათებში სრულიად დასრულდება და საზღვაო მოძრაობა აღდგება.

სუეცის არხის ადმინისტრაციის განცხადებით, მას შემდეგ, რაც წყლის დონე მოქცევის შედეგად 2 მეტრს მიაღწევს, მაშველები გემს საგზაო მარშრუტის ცენტრში მოაქცევენ, რის შემდეგაც გადაადგილებას შეძლებს.

The New York Times-ის ცნობით, მაშველებს გემის გათავისუფლებაში მაღალი მოქცევა დაეხმარა, რაც თავის მხრივ სავსემთვარეობითაა გამოწვეული.

ამერიკის ეროვნული ოკეანის სამსახურის ცნობით, “წყლის დონე მუდმივად იზრდება და მცირდება, რაც გამოწვეულია გრავიტაციული ცვლილებებით, რომელსაც მთვარის, მზისა და დედამიწის ერთმანეთისადმი კოსმოსში განლაგება იწვევს”.

როცა მზე და მთვარე არის თანხვედრაში, როგორც ეს გუშინ, 28 მარტს მოხდა, მათი გაერთიანებული გრავიტაციული მიზიდულობა ქმნის განსაკუთრებით მაღალ მოქცევას, რასაც გაზაფხულის მოქცევასაც უწოდებენ. სწორედ ამგვარი მოქცევა დაფიქსირდა სუეცის არხშიც, რა დროსაც წყლის დონე 12 საათისა და 25 წუთის განმავლობაში განსაკუთრებულად იზრდება, რამაც ხელი შეუწყო გემის ქვიშის გორაკიდან გათავისუფლების სამუშაოებს.


ამ დრომდე სუეცის არხის ორივე სათავესთან, ჯამში, 300-ზე მეტი ტვირთმზიდი გემია გაჩერებული, რომლებიც საკუთარ რიგს ელოდებიან, თუ როდის შეძლებენ სუეცის არხით სარგებლობას.

გემს არხი თითქმის ერთი კვირაა, რაც ჩაკეტილი აქვს.

სუეცის არხი ერთმანეთთან აკავშირებს წითელ და ხმელთაშუა ზღვებს, საიდანაც, თავის მხრივ, ევროპის, აზიისა და აფრიკის კონტინენტებთან დაკავშირებაა შესაძლებელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი