ახალი ამბები

კობახიძე სპეკულაციურს უწოდებს მოლაპარაკებებში ივანიშვილისა და სააკაშვილის ჩართვის იდეას

29 მარტი, 2021 •
კობახიძე სპეკულაციურს უწოდებს მოლაპარაკებებში ივანიშვილისა და სააკაშვილის ჩართვის იდეას

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სპეკულაციურს უწოდებს ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებას, რომელმაც კრისტიან დანიელსონის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში ენმ-ის და “ქართული ოცნების” “არაფორმალური ლიდერების”, მიხეილ სააკაშვილის და ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობაზე ისაუბრა.

კობახიძის თქმით, კუბილიუსის განცხადება “სინამდვილის გამრუდებაა”.  ამასთან, აღნიშნავს, რომ ივანიშვილის და სააკაშვილის ერთ “ტონალობაში” მოხსენიება შეურაცხყოფაა.

“როცა საუბარია იმაზე, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა ისხდნენ თურმე ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ საააკშვილი, ეს, რა თქმა უნდა, სინამდვილის გამრუდებაა… მცდელობაა სხვადასხვა თვალსაზრისით. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან არის გასული და, შესაბამისად, ეს სპეკულაციური განცხადება, პირდაპირ ასე ვიტყოდი. როდესაც პოლიტიკიდან გასულ ადამიანზე ამბობ, რომ უნდა შემობრუნდეს პოლიტიკაში და მოლაპარაკების მაგიდასგან დაჯდეს, ბუნებრივია, ასეთი განცხადებების გაკეთება სწორი არ არის”, – განაცხადა კობახიძემ.

კუბილიუსი მოლაპარაკებებში ივანიშვილი-სააკაშვილის ჩართვის საჭიროებაზე საუბრობს

მასალების გადაბეჭდვის წესი