ახალი ამბები

კუბილიუსი მოლაპარაკებებში ივანიშვილი-სააკაშვილის ჩართვის საჭიროებაზე საუბრობს

25 მარტი, 2021 •
კუბილიუსი მოლაპარაკებებში ივანიშვილი-სააკაშვილის ჩართვის საჭიროებაზე საუბრობს

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიიღონ არა ფორმალურმა, არამედ რეალურმა ლიდერებმა, მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა.

„ელჩი [კრისტიან] დანიელსონისთვის უკეთესი იქნებოდა, ელაპარაკოს რეალურ ლიდერებს, რომლებიც დღემდე არ მონაწილეობენ მოლაპარაკებებში“, – განაცხადა კუბილიუსმა 25 მარტს ტელეკომპანია „ფორულას“ ეთერში, გადაცემა „პოლიტიკის ფორმულაში“.

წამყვანის კითხვაზე, გულისხმობს თუ არა ის ივანიშვილსა და სააკაშვილს, უპასუხა:

„დიახ, ზუსტად. ესენი გახლავთ რეალური ლიდერები ორივე პოლიტიკური პარტიის. სამწუხაროდ, ფორმალურ ლიდერებს, რომლებიც მონაწილეობენ მოლაპარაკებებში, არ ესმით თავიანთი პასუხისმგებლობა, ვერ პოულობენ კომპრომისს“.

„გაცილებით ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები, — რომლებიც აცხადებენ, რომ ლიდერები არ არიან, მაგრამ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით თავიანთი პოლიტიკური პარტიების ლიდერებად რჩებიან, — აიღებენ პასუხისმგებლობა და მონაწილეობას მიიღებენ მოლაპარაკებებში, რათა ღიად განაცხადონ თავიანთი ხედვები, რისი მიღწევა სურთ. არიან თუ არა მზად კომპრომისისთვის, პრობლემის მოგვარებისთვის, და ეს ეფექტური გზა იქნება წინსვლის“, – განაცხადა ევროპარლამენტარმა კუბილიუსმა.


ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მედიაციისთვის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი, კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა.

ერთი კვირის განმავლობაში მან არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, „ქართულ ოცნებასთან“.

17-18 მარტს მედიატორი მხარეებს ერთობლივად შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა და კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, მისი სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მედიაციისთვის საქართველოში დაბრუნდება.

„შევაჯამე საქართველოში მედიაციის პროცესში მიღწეული პროგრესი. საქართველოს მოქალაქეების ინტერესების სასარგებლოდ აუცილებელი კომპრომისების დროა. მედიაციის გასაგრძელებლად წარმომადგენელი უკან დაბრუნდება“, – დაწერა მიშელმა ტვიტერზე 22 მარტს.

მასალების გადაბეჭდვის წესი