ახალი ამბები

საკრებულოში თედო კობახიძის გადაყენებისთვის კენჭისყრის დანიშვნას ითხოვენ

20 იანვარი, 2017 • 1932
საკრებულოში თედო კობახიძის გადაყენებისთვის კენჭისყრის დანიშვნას ითხოვენ

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, დღეს, 20 იანვარს, გამართულ სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომისის თავმჯდომარისთვის, თედო კობახიძისთვის უნდობლობის გამოცხადებისთვის კენჭისყრის დანიშვნას ითხოვენ.

საკრებულოს ფრაქცია ,,რესპუბლიკელების” თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და ფრაქციის წევრი დავით ზურაბიშვილი ამბობენ, რომ საკრებულოს 13-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი თედო კობახიძის გადაყენების საკითხზე კენჭისყრის დანიშვნას.

ასეთ ვითარებაში საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი არღვევს საკრებულოს რეგლამენტის 53-ე მუხლს, აცხადებს ხათუნა სამნიძე.

ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ უმრავლესობასაც არ სურს კენჭისყრის დანიშვნა, რადგან უმრავლესობის წევრები არ ენდობიან ერთმანეთს და ერიდებიან კობახიძის საკითხის განხილვას.

კობახისითვის უნდობლობის გამოცხადება მოითხოვა დამოუკიდებელმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა.

თედო კობახიძემ, რომელიც სხდომას ესწრებოდა, განაცხადა, რომ ისინი, ვინც მისთვის უნდობლობის გამოცხადებას ითხოვენ, საკითხის პოლიტიზებას ცდილობენ.

კობახიძე აცხადებს, რომ საკრებულოს არ დაურღვევია რეგლამენტი. იგი ასევე ამბობს, რომ მის მიმართ ბრალდებები არ დასტურდება და კომისია წარმატებულად მუშაობდა გასული წლის განმავლობაში. კობახიძე აცხადებს, რომ არ გადადგება.

საკრებულო დღეს განიხილავს 17 საკითხს.

მასალების გადაბეჭდვის წესი