პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, შეურაცხმყოფელია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადება ევროკავშირის მედიაციით მიმდინარე მოლაპარაკებებში მიხეილ სააკაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის ჩართვის შესახებ.
“ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა, მან დატოვა პოლიტიკური თანამდებობაც, შემდეგ — პარტიის თავმჯდომარის თანამდებობის პოსტი და ღიად განაცხადა, რომ იგი აღარ აპირებს პოლიტიკაში ჩართვას”, — განაცხადა ღარიბაშვილმა.
რაც შეეხება სააკაშვილის შესაძლო ჩართულობას პარტიებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში, პრემიერის თქმით, ეს შეურაცხმყოფელია ქართული სახელმწიფოსთვის.
“ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი სახელმწიფოსთვის, რომ ვიღაც, ვინც არ უნდა იყოს, აბსოლუტურად არ მაინტერესებს, მოგვიწოდებდეს ჩვენ, რომ ეს კრიმინალი, არაერთ მძიმე დანაშაულში მხილებული, ბრალდებული და მისჯილი პიროვნება ფორმალურად იქნას ჩართული მოლაპარაკებაში”, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, სააკაშვილი უკრაინაში გახვეულია კორუფციულ სკანდალებში.
“სააკაშვილი დღეს არის გაგდების პირას უკრაინაში. მას დღეს თუ ხვალ, ალბათ, გააგდებენ. თქვენ ნახეთ ის კორუფციული სკანდალები, რომლებშიც იგი გაეხვა. მისი კორუფციული გუნდის ჩართულობით ყველა ის კორუფციული საქმე ამოუწიეს და დაიწყეს დევნა მისი გუნდის წევრების. მეორე — ის რეალურად არაფერს აკეთებს უკრაინაში და ეს ყველაფერი არის დადგმული შოუ. რასაც იგი აკეთებდა აქ, იგივე უარესობას აკეთებს იქ, რა თქმა უნდა, მცირე მასშტაბში, და მესამე — სააკაშვილმა საკუთარი სურვილით განაცხადა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, კაცმა, რომელიც 9 წელი იყო ქვეყნის პრეზიდენტი, რაზე მესაუბრებით საერთოდ”, – თქვა პრემიერმა.
ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოლაპარაკებებში მონაწილეობა უნდა მიიღონ არა ფორმალურმა, არამედ რეალურმა ლიდერებმა: მიხეილ სააკაშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა.
“გაცილებით ეფექტური იქნება, თუ არაფორმალური ლიდერები, — რომლებიც აცხადებენ, რომ ლიდერები არ არიან, მაგრამ პოლიტიკური და ფსიქოლოგიური თვალსაზრისით თავიანთი პოლიტიკური პარტიების ლიდერებად რჩებიან, — აიღებენ პასუხისმგებლობას და მონაწილეობას მიიღებენ მოლაპარაკებებში, რათა ღიად განაცხადონ თავიანთი ხედვები, რისი მიღწევა სურთ. არიან თუ არა მზად კომპრომისისთვის, პრობლემის მოგვარებისთვის, და ეს ეფექტური გზა იქნება წინსვლის“, – განაცხადა კუბილიუსმა.
კუბილიუსი მოლაპარაკებებში ივანიშვილი-სააკაშვილის ჩართვის საჭიროებაზე საუბრობს
კითხვაზე, ხომ არ განიხილება მოლაპარაკებებში ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ჩართვა, აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობენ და გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა, ივანიშვილი და სააკაშვილი კი ასეთები არ არიან.