აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის შეფასებით, პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგში არა შეთავაზებებისა და შეთანხმების მცდელობის, არამედ პოლიტიკური გამბედაობის ნაკლებობაა.
ამის შესახებ დეგნანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გადაცემა “კვირის ინტერვიუში” განაცხადა.
“მიუხედავად იმისა, რომ პარტიებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, მცდელობის ნაკლებობა არ ყოფილა, პარტიები ძალისხმევას არ იშურებდნენ. მე კვლავ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ პარტიები შეძლებენ შეთანხმებას, თუკი იარსებებს პოლიტიკური სურვილი, რომ პარტიები წავიდნენ გაბედულ კომპრომისზე. მხარს ვუჭერ ამ კრიზისის დაუყოვნებლივ მოგვარებას, რადგან ვფიქრობ, საქართველოს აქვს სერიოზული გამოწვევები, რომელზეც უნდა გადაიტანოს ყურადღება. თუმცა კარგად გვესმის, რომ ქართული საზოგადოება გაყოფილია და შეერთებული შტატების ღრმა რწმენაა, რომ პოზიციების შეჯერების ადგილი პარლამენტშია”, — განაცხადა დეგნანმა.
მისი თქმით, პარლამენტის წევრებს აქვთ შესაძლებლობა, განიხილონ საკითხები და მიიღონ კანონმდებლობა მნიშვნელოვანი რეფორმებისთვის, რაც საქართველოს ძალიან სჭირდება დემოკრატიული განვითარების ამ ეტაპზე.
“პარლამენტი, რომელშიც ერთი პარტია დომინირებს, არ არის ჯანსაღი. ეს არ არის ის, რასაც ქართველმა ამომრჩეველმა მისცა ხმა გასულ ოქტომბერში. საჭიროა, არსებობდეს ჯანსაღი მმართველი პარტია, რომელიც გაწონასწორებული იქნება ჯანსაღი ოპოზიციით საქართველოს პარლამენტში. მეტი სიცხადისთვის გავიმეორებ, მმართველ პარტიასაც და ოპოზიციასაც უნდა ჰქონდეთ პოლიტიკური გამბედაობა ამ რთული ნაბიჯების გადასადგმელად. მათ უნდა გაიგონ, რომ კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი და მათმა მომხრეებმაც კარგად უნდა გაიგონ ეს”, – თქვა დეგნანმა.
აშშ-ის ელჩი აცხადებს, რომ “რიგგარეშე არჩევნების ან ახალი არჩევნების საკითხი მხარეების გადასაწყვეტია, ისევე როგორც ამ მოლაპარაკებათა თითოეული პუნქტი”.
“შეთავაზებების ნაკლებობა არ შეინიშნება როგორც მმართველი, ასევე ოპოზიციური პარტიების მხრიდან. არ არის სურვილის ნაკლებობა, რომ ერთად ისხდნენ მოლაპარაკებების მაგიდასთან და ისაუბრონ განსხვავებულ პოზიციებზე. ის, რისი ნაკლებობაც არის, ესაა პოლიტიკური გამბედაობა, რომ საბოლოო ნაბიჯი გადადგან წინ და წავიდნენ კომპრომისებზე. კომპრომისულ შეთანხმებაში თავისი მოთხოვნების 100%-ს ვერავინ მიიღებს, ეს ბუნებრივია. ყველა მხარე უნდა წავიდეს კომპრომისზე. გასულ კვირაში, როდესაც ვიხილეთ ელჩი დანიელსონის ძალიან კარგი ჩართულობა, გამოჩნდა, რომ ზოგიერთი პარტია არ იყო მზად, მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება”, – განაცხადა დეგნანმა.
კელი დეგნანი იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების ფარგლებში მიღწეული შედეგი საქართველოს “დააბრუნებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის სწორ გზაზე”.
“როგორ დასრულდება ეს პროცესი, დრო გვიჩვენებს, თუმცა რისი იმედიც გვაქვს, არის ის, რომ აქ მიღწეული შედეგი დააბრუნებს საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების სწორ გზაზე. ნატო-ს, ევროკავშირის წევრობა მოითხოვს კომპრომისს — ეს არის ერთადერთი გზა, როგორც მოქმედებენ კონსენსუსზე დაფუძნებული ორგანიზაციები”, – დასძინა დეგნანმა.
კითხვაზე, ხომ არ განიხილება მოლაპარაკებებში ბიძინა ივანიშვილისა და მიხეილ სააკაშვილის ჩართვა, აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობენ და გადაწყვეტილება უნდა მიიღონ ხალხის მიერ არჩეულმა წარმომადგენლებმა, ივანიშვილი და სააკაშვილი არ არიან ასეთები.
კელი დეგნანმა ასევე უპასუხა კითხვას, რა განსხვავებაა კაპიტოლიუმში განვითარებულ ცნობილ მოვლენებსა და ნიკა მელიას საქმეს შორის:
“ყველაზე დიდი განსხვავება, რასაც მე ვხედავ, ეს არის ამერიკის ინსტიტუტების სიძლიერე, რომლებმაც აღადგინა ჩვენი ნდობა საარჩევნო და სამართლებრივი პროცესების მიმართ, რის შედეგადაც კონგრესმა სწრაფადვე გააგრძელა მუშაობა და დაასრულა პრეზიდენტ ბაიდენის ამერიკის პრეზიდენტად დამტკიცების პროცესი. ეს არის ის გზავნილი, რაც განუწყვეტლად მოდის როგორც აქ, საელჩოდან, ასევე ვაშინგტონიდან — ძლიერი ინსტიტუტები უმნიშვნელოვანესია დემოკრატიისთვის. დემოკრატია უნდა იყოს მდგრადი და შეეძლოს რეაგირება საზოგადოებაში არსებულ ცვლილებებზე. როდესაც გაქვს ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტები, დემოკრატია გაუძლებს ნებისმიერ რამეს. ეს არის პროცესი, რომელიც მოითხოვს მუდმივ სიფრთხილეს, ერთგულებას და მედეგობას, რათა დემოკრატია არ შესუსტდეს. მისი შენარჩუნებისთვის მნიშვნელოვანია ხალხის მხარდაჭერა, მათი მუდმივი ძალისხმევა დამოუკიდებელი ინსტიტუტების უზრუნველყოფისთვის. ეს ძალისხმევა, ეს ბრძოლა უნდა განხორციელდეს პარლამენტში, ეს არის სათანადო ადგილი”, – განაცხადა დეგნანმა.
მისი თქმით, საქართველოში ინსტიტუტების მნიშვნელობა და უნდობლობა გამოჩნდა არჩევნებთან და გახმაურებულ საქმეებთან დაკავშირებითაც.
“თუ იარსებებს მეტი ნდობა არჩევნების შედეგების მიმართ, სასამართლოს გადაწყვეტილებების მიმართ, საზოგადოებას სჭირდება ეს ნდობა, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არის დამოუკიდებელი ინსტიტუტები და მოქმედებენ პოლიტიკური ზეწოლისა თუ ჩარევის გარეშე. არსებობს რეფორმები, რომლებსაც განიხილავენ მხარეები ახლა და რაც სასარგებლო იქნება ამ პროცესებისთვის. რაც არ არის სწორი, არის ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებიდან თუ გამოკითხვებიდან მხოლოდ იმ ინფორმაციის ამოწევა ხდება, რაც მხოლოდ ერთ ან მეორე მხარეს სურს”, – განაცხადა აშშ-ის ელჩმა.