ახალი ამბები

დანიელსონი: კრიზისის მოგვარებაზე პასუხისმგებელი არიან პოლიტიკოსები და არა — ევროკავშირი

28 მარტი, 2021 •
დანიელსონი: კრიზისის მოგვარებაზე პასუხისმგებელი არიან პოლიტიკოსები და არა — ევროკავშირი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი, რომელიც პარტიებს შორის მედიაციის მიზნით საქართველოს უკვე მეორედ სტუმრობს, მიიჩნევს, რომ კრიზისის მოგვარებაზე პასუხისმგებლობა ადგილობრივ პოლიტიკურ ლიდერებს ეკისრებათ.

“ევროკავშირი ჩართულია, რომ საქართველოს დაეხმაროს ამ კრიზისის მოგვარებაში და, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა ეკისრება არა ევროკავშირს, არამედ ადგილობრივ პოლიტიკურ ლიდერებს. მე მგონია, რომ წინა მისია, რომელიც აქ განხორციელდა, ეხებოდა ამ საკითხების გაცნობას. ყველა იმ პოლიტიკურმა ლიდერმა, რომელიც ამ პროცესში იყო ჩართული, ძალიან კარგად იცის მეორე მხარის მოსაზრებები. მათ ასევე ძალიან კარგად იციან, თუ რისი გაკეთება არის საჭირო შეთანხმების მისაღწევად.

მათ უნდა გამონახონ კომპრომისი. მე და ჩემს გუნდს შეგვიძლია მათ დავეხმაროთ და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, როდესაც საუბარია ამ დახმარებაზე. ახლა არის საჭიროება გამბედაობის, კომპრომისის. კომპრომისი არ არის სისუსტის ნიშანი, პირიქით, კომპრომისი არის სიძლიერის და დემოკრატიის ნიშანი, კომპრომისი არის ევროპული გზა” — აღნიშნა დანიელსონმა.

ევროპელი მედიატორი დღეს, 28 მარტს შეხვდა როგორც აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. დანიელსონის თქმით, ის ხვალ დაიწყებს შეხვედრებს პოლიტიკურ პარტიებთან და საქართველოში, ჯამში, 3 დღის განმავლობაში დარჩება.

მასალების გადაბეჭდვის წესი