ახალი ამბები

ყველა მხარე ვალდებულია, გამონახოს კომპრომისის რესურსი — სახალხო დამცველი

28 მარტი, 2021 •
ყველა მხარე ვალდებულია, გამონახოს კომპრომისის რესურსი — სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მიიჩნევს, რომ პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად და სისტემურ რეფორმებზე შესათანხმებლად, მედიაციის პროცესში ჩართული პარტიები ვალდებულები არიან, გამონახონ კომპრომისის რესურსი.

“მოლაპარაკების პროცესში ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მიერ შემოთავაზებული საკითხები სრულ თანხვედრაშია იმ სისტემურ გამოწვევებთან, რაზეც საქართველოს სახალხო დამცველი და საერთაშორისო ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმები წლებია ამახვილებენ ყურადღებას.

სასამართლოს დამოუკიდებლობა და ინსტიტუციური რეფორმების აუცილებლობა, პოლიტიკური მართლმსაჯულება, არჩევნების თავისუფალ გარემოში ჩატარება, საარჩევნო სისტემის შეცვლა — ამ საკითხებზე, საზოგადოების სამართლიან პროტესტთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველის არაერთი მტკიცებულებებზე დაფუძნებული რეკომენდაცია და ანგარიში არსებობს”,  — აცხადებს სახალო დამცველი.

როგორც ომბუდსმენი დასძენს, ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული სისტემური გარანტიები ვერ შეიქმნება და ცვლილებები ვერ განხორციელდება პოლიტიკური დესტაბილიზაციისა და უკიდურესი პოლარიზაციის პირობებში. მისივე აზრით, ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის კრიტიკული ხმის გარეშე უკიდურესად რთულდება ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით საპარლამენტო ზედამხედველობა.

“სწორედ ამიტომ, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოლაპარაკებები უპირველეს ყოვლისა უნდა წარიმართოს ინსტიტუციური რეფორმების, ძალაუფლების დანაწილების, კონტროლისა და ბალანსის სისტემის, ასევე, მართლმსაჯულების არსებითი ხარვეზების მქონე საქმეების სამართლიანი გადაწყვეტის შესაძლო კანონისმიერ გზებზე. მოლაპარაკების ყველა მხარე აღნიშნულის მისაღწევად ვალდებულია გამონახოს პოლიტიკური მზაობა და კომპრომისის რესურსი”, — აცხდებს ნინო ლომჯარია.

საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, შეხვდეს მედიაციის მონაწილე პირებს, გააცნოს თავისი პოზიციები და ჩაერთოს ყველა საჭირო პროცესში, რაც, მისი თქმით, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვისა და ხელშეწყობის მიმართულებით გარდამტეხ ცვლილებებს მოიტანს.

საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის მედიაციის მიზნით 27 მარტს ხელმეორედ ჩამოვიდა ევროპის საბჭოს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი. ის უკვე შეხვდა საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს. დღეს, 28 მარტს დაგეგმილია შეხვედრა არასამთავრობო სექტორთან, ამის შემდეგ კი დანელსონი პოლიტიკურ პარტიებთან გამართავს მოლაპარაკებებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი