სასამართლოების შესახებ კანონში “ქართული ოცნების” დაანონსებულ ცვლილებებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი კოსმეტიკურს უწოდებს და აცხადებს, რომ მანამ, სანამ სასამართლო სისტემას გავლენიანი ჯგუფები მართავენ, არსებითი ცვლილებები ვერ განხორციელდება.
“ნეტგაზეთთან” საუბრსიას ნაზი ჯანეზაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს სჭირდება სასამართლოს ფუნდამენტური რეფორმა, რომელიც, მისი თქმით, უნდა დაიწყოს იმით, რომ სისტემა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან:
“თუ სასამართლოში დარჩებიან ჩინჩალაძე, მურუსიძე და მათი კლანის წევრები და ისინი იქნებიან სასამართლოს ლიდერები, არსებითად არაფერი შეიცვლება. ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, რომ რაღაც გადამწყვეტი შეიცვალოს სასამართლო სისტემაში. თუ ეს შანსიც გავუშვით ხელიდან, ათწლეულების განმავლობაში არაფერი შეიცვლება” ,— ამბობს ჯანეზაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა მოძებნოს გზა იმისათვის, რომ სასამართლო სისტემა ამ გვალენიანი ჯგუფების მმართველობისგან გაათავისუფლოს, რისი ბერკეტებიც, მისი განცხადებით, შესაძლებელია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს:
“პირველ რიგში, ეს არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა, რომელმაც გააკადნიერა ჩინჩალაჩის კლანი. რომ არა მათი ამ წლების განმავლობაში მიღებული გადაწყვეტილებები, ეს ასე არ მოხდებოდა.
კეთილი ინებონ, როგორც მოიყვანეს ეს კლანი, როგორც გააძლიერეს და უვადოდ დანიშნეს, ისევე იზრუნონ იმაზე, რომ სასამართლო სისტემა გათავისუფლდეს კლანური მმართველობისგან. თუმცა, თუ ვინმეს სჭირდება სამართლებრივი გზები იმისთვის, რომ მოიფიქრონ გამოსავალი, ამაზე მსჯელობაც მარტივად შესაძლებელია” ,— ამბობს ჯანეზაშვილი.
ცვლილებების პროექტი, რომელსაც ჯანეზაშვილი ფასადურად აფასებს, პარლამენტში ჯერ რეგისტრირებული არ არის და მის ძირითად პრინციპებზე გუშინ, 25 მარტს, “ქართული ოცნების” დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ისაუბრა. ოხანაშვილის თქმით, დოკუმენტი 29 მარტს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე გავა ინიცირებისთვის.
მოსამართლეობის კანდიდატის შეფასების გასაჯაროება, შესაძლოა, დასჯადი გახდეს
ოხანაშვილი აღნიშნავს, რომ კანონპროექტით იცვლება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცედურები, კერძოდ, საბჭოს წევრებს მოუწევთ საჯაროდ დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებები ამა თუ იმ კანდიდატის მხარდაჭერის შესახებ, ასევე, შედგება ე.წ. სარეიტინგო სია და შეიქმნება ხელახალი გასაჩივრების მექანიზმები იმ კანდიდატებისთვის, რომლებიც აღნიშნულ სიაში ვერ მოხვდებიან.
ნაზი ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებები არსებითად არაფერს შეცვლის, ვიანიდან მიიჩნევს, რომ საბჭოს წევრებს არ გააჩნიათ ანგარიშვალდებულების განცდა და გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურად არ იღებენ:
“ეს პროექტი არსებითად არაფერს შეცვლის, არის კოსმეტიკური დანიშნულების. ამ პროექტით შემოდის დასაბუთების სტანდარტი, რომ საბჭოს წევრი ვისაც დაუჭერს, ან არ დაუჭერს მხარს, უნდა დაასაბუთოს და ეს საბჭოს წევრი იქნება საჯარო. მე მინდა დავსვა რიტორიკული შეკითხვა, განაჩენს მოსამართლე აწერს ხელს და საქვეყნოდ აცხადებს და ცნობილია, რომელმა მოსამართლემ რა გადაწყვეტილება მიიღო?!
სირცხვილის ან ანგარიშვალდებულების განცდა რომელიმე რეზონანსულ საქმეზე რომელიმე მოსამართლეს ჰქონია?! პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება რომ გამოუტანიათ, ვინმეს ამის შერცხვენია?! რა თქმა უნდა, არა! ამიტომ, დასაბუთება ამ კლანისთვის არაფერია, გვარსაც დაწერენ და ხელსაც იმდენჯერ მოაწერენ, რამდენჯერაც საჭირო იქნება” ,— აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.
ჯანეზაშვილის ეჭვებს აღრმავებს ის ფაქტიც, რომ დეკემბრის თვეში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების გასაუბრების პროცესი აქტიურად მიმდინარეობდა, იანვარ-თებერვალში კი კვირაში მხოლოდ 1-2 გასაუბრება ტარდებოდა. ჯანეზაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიუთითებს საბჭოს წევრებისა და პარლამენტის შეთანხმებულ ქმედებაზე და აცხადებს, რომ სავარაუდოდ საბჭოს წევრებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ამგვარი კანონპროექტი მზადდებოდა:
“ამჟამად მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესი. დეკემბერში გასაუბრება მიმდინარეობდა ინტენსიურად. იანვარში, თებერვალში და მარტში ეს იყო იმდენად პასიური და არასტაბილური ხასიათის, კვირაში 1-2 გასაუბრება ან ტარდებოდა, ან – არა. მაგალითად, ამ კვირაში გასაუბრება საერთოდ არ ჩატარებულა.
გასაუბრების ეს ხასიათი და ტემპი მარწმუნებს იმაში, რომ საქართველოს პარლამენტი და ე.წ. კლანი ერთმანეთთან იყვნენ კომუნიკაციაში და ჰქონდათ ინფორმაცია, რომ კანონპროექტი იწერებოდა. სხვა შემთხვევაში მე ვერ ვხსნი, ასეთი არასტაბილური ხასიათი რატომ მიიღო გასაუბრებამ. ასეთი თამაშები და ფორმები, რომ გზაში დაგვაწიეს ეს კანონპროექტი, ჩემთვის მიუღებელია.
რამდენადაც ვიცი, გასაუბრების და შერჩევის პროცესი არ შეჩერდება და გზაში დაწეული კანონპროექტით გაგრძელდება პროცესი, რაც ჩემთვის არის მიუღებელი” ,— აცხადებს ჯანეზაშვილი.
ჯანეზაშვილის თქმით, საგულისხმოა ომბუდსმენის ანგარიშში მოყვანილი გარემოებებიც, რომელიც 2019 წლის კენჭისყრას ეხება. კერძოდ, ჯანეზაშვილი იხსნებს, რომ ანგარიშის მიხედვით იკვეთებოდა, რომ საბჭოს წევრები წინასწარ იყვნენ ერთმანეთთან შეთანხმებული, კენჭისყრაზე რა შედეგი უნდა დამდგარიყო და მიიჩნევს, რომ აღნიშნული ცვლილებების შემდეგაც გადაწყვეტილების მიღებისას მთავარი ატრიბუტი კვლავ კალკულატორი იქნება:
“მე მინდა გაგახსენოთ პირველი კენჭისყრა, რომელიც 2019 წელს ჩატარდა, უზენაესის კანდიდატურებს რომ ვირჩევდით. მაშინ სახალხო დამცველმა მოამზადა ანგარიში, სადაც აღნიშნულია, რომ ჩანდა, საბჭოს წევრები იყვნენ ერთმანეთთან წინასწარ შეთანხმებული, ისეთი ფორმა მიიღო კენჭისყრის შედეგებმა და ქულებმა.
კლანი და საბჭო როდესაც იღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ მოსამართლის დაწინაურებაზე, დანიშვნაზე თუ წარდგენაზე საქართველოს პარლამენტისთვის, ზის და ასეთ საკითხებს ანგარიშობს კალკულატორით. დარწმუნებული ვარ, ამ შემთხვევაშიც კალკულატორი იქნება მთავარი ატრიბუტი გადაწყვეტილების მიღებისას იმისათვის, რომ კლანმა წინასწარ დაიანგარიშოს ქულები.
ესეც არაფერს მოგვცემს, როცა სასამართლო მთლიანად არის ჩინჩალაძის ხალხის ხელში. სარეიტინგო ქულებს რა მნიშვნელობა აქვს. ამას ექნებოდა მნიშვნელობა მაშინ, თუ თითოეული წევრი იქნებოდა ინდივიდი, ინდივიდუალურად მიიღებდა გადაწყვეტილებებს და არა კლანის მონა და მორჩილი”, – აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.
ჯანეზაშვილის თქმით, სასამართლო სისტემაში დაგეგმილი ყველა ცვლილება გამოსადეგი მაშინ იქნება, როცა სტრუქტურა გავლენიანი ჯგუფების მმართველობისგან გათვისუფლდება და მაშინ ექნება ფასი როგორც შეფასების მეზანიზმს, ასევე, სარეიტინგო სისტემაზე გადასვლას და სხვა ცვლილებებს:
“კონტექსტია მნიშვნელოვანი, ვინ უნდა დაწეროს ეს ქულები, ვისთან უნდა გაასაჩივრონ და ა.შ. პერსონალური საკითხი ხდება, პირებზე მივდივართ. იმდენად დახუნძლულია პრობლემებით სასამართლო კლანური მმართველობისგან, რომ დასაბუთებას გვარი და სახელი მიეწერება თუ არა და ქულებს ექნება თუ არა მნიშვნელობა, გულწრფელად ვამბობ, არაფერი შეიცვლება.
11 ვაკანსიაზეა კონკურსი გამოცხადებული, ეს ძალიან მასშტაბურია და აღარ იქნება ასეთი რამ საქართველოში, შეიძლება 2050 წლის შემდეგ იყოს. ძალიან მასშტაბური პროცესი მიმდინარეობს და ასე სახელდახელოდ გზაში დაწეული კანონებით ასეთი გადაწყვეტილების მიღება ჩემთვის მიუღებელია” ,- აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი.