კუბა კორონავირუსის ადგილობრივი წარმოების ექსპერიმენტული ვაქცინების, “სობერნა 2-ისა” და “აბდალას” გამოყენებას გეგმავს.
როგორც როიტერი იუწყება, ქვეყნის მთავრობა მაისისთვის დედაქალაქ ჰავანის მოსახლეობის სრულ ვაქცინაციას აპირებს.
კუბის მეცნიერებისა და ტექნოლოგიური ინოვაციების ცენტრის დირექტორის, ილეანა მორალესის განცხადებით, მთავრობა მაისში ჩაატარებს “ინტერვენციულ კვლევას”, რომელიც 2.1-მილიონიანი ჰავანის მოსახლეობის უმეტესობას მოიცავს.
nbcnews-ის თანახმად, კუბამ, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ვირუსული დაავადებების საწინააღმდეგო ვაქცინების შექმნაში, მარტის თვეში დაიწყო თავისი ორი ვაქცინის, “სობერნა 2-ისა” და “აბდალას” გამოცდის ბოლო ფაზა. იმ შემთხვევაში, თუ ცდები წარმატებით დასრულდება, კუბა იქნება პირველი ქვეყანა ლათინური ამერიკის რეგიონში, რომელმაც საკუთარი ვაქცინა შექმნა. ამ დროისთვის კუბაში ხუთი ვაქცინის შექმნა და გაუმჯობესება მიმდინარეობს.
მთავრობის მოწინააღმდეგეთა განცხადებით, ნაცვლად საკუთარი ვაქცინების განვითარებისა, კუბას სწრაფად უნდა შემოეტანა უცხოური ვაქცინები, რათა მოსახლეობის ვაქცინაცია დაჩქარებულიყო.
nbcnews-ის თანახმად, ქვეყანაში ბიოტექნოლოგიური სფეროს განვითარება გარკვეულწილად აშშ-ის მიერ დაწესებულ ემბარგოს უკავშირდება. შედეგად, თვითუზრუნველყოფის მიზნით, კუბაში სამკურნალო მედიკამენტებისა და სამედიცინო ინვენტარის ადგილობრივი წარმოება განვითარდა. კუბური ვაქცინების გამოცდას გეგმავენ სხვა ისეთი ქვეყნებიც, რომელთა წინააღმდეგ ვაშინგტონს სანქციები აქვს დაწესებული, მათ შორის, ირანი და ვენესუელა. გარდა ირანისა და ვენესუელისა, ვაქცინის მიმართ ინტერესი გამოთქვეს მექსიკისა და იამაიკის მთავრობებმაც.
ფოტო გარეკანზე: Katell Abiven / AFP