ახალი ამბები

გახარიას წასვლა დასანანი იყო, რეალური ოპოზიცია იქნება – წულუკიანი

25 მარტი, 2021 • 1130
გახარიას წასვლა დასანანი იყო, რეალური ოპოზიცია იქნება – წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი აცხადებს, რომ ექსპრემიერ გიორგი გახარიას „პოლიტიკაში დაბრუნება“ „ქართული ოცნებისთვის“ დამაზიანებელი არ არის. ამასთან, წულუკიანი აცხადებს, რომ გახარია „ოცნების“ „რეალური ოპოზიცია“ იქნება.

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა და მიზეზად დაასახელა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების თაობაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოება.

25 მარტს რადიო „იმედის“ ეთერში წულუკიანმა განაცხადა, რომ გიორგი გახარიას წასვლა მისთვის „ძალიან დასანანი და ძალიან გასაკვირი“ იყო: „მე პირადადაც ვუთხარი მას, ეს რა ქენით, ბატონო გიორგი, ეს არ ვარგა-თქო“, – თქვა მინისტრმა და დასძინა, რომ გახარიას ნაბიჯი „ქართული ოცნებისთვის“ დამაზიანებელი იყო.

23 მარტს, გადგომიდან ერთი თვის შემდეგ, გახარიამ დაადასტურა, რომ პოლიტიკაში რჩება. წულუკიანმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: „მისი დაბრუნება, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ჩვენი გუნდისთვის დამაზიანებელი არ არის“. თუმცა იქვე განაცხადა:

„რატომ არის ეს მისთვის კარგი, ამაზე მე, როგორც პოლიტიკაში მყოფ ერთ ადამიანს, კითხვის ნიშანი მაქვს. ეს კითხვა ვერ დავუსვი, რადგან არ მოგვეცა ამის შესაძლებლობა. რატომ არის ეს მისთვის კარგი, მე არ მესმის“.

ამავე დროს, წულუკიანმა განაცხადა, რომ თუკი გახარია პოლიტიკურ სცენაზე გამოვა, ის „ქართული ოცნების“ „რეალური ოპოზიცია“ იქნება:

„სხვა ოპოზიციებისგან განსხვავებით, გარკვეული ბენეფიტიც ექნება – გუნდს იცნობს ძალიან კარგად. სხვებზე რომ არ ვილაპარაკო, მე მისი ხელმძღვანელობის დროს ვიყავი ვიცე-პრემიერი, იუსტიციის მინისტრი და მან კარგად იცის, სად არის ჩემი სიძლიერე და სად არის ჩემი სისუსტე, მაგრამ მეც ვიცი, სად არის მისი სიძლიერე და სად სისუსტე. პირადად ჩემთვის ეს იქნება საინტერესო ოპონირების პროცესი, რამდენად დამთავრდება ეს მისი გამარჯვებით, ამაში ძალიან დიდი ეჭვი მეპარება“, – განაცხადა კულტურის მინისტრმა.


ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ გახარია ელექტორატს ისევ “ქართულ ოცნებას” გაუყოფს და“მესამე ძალად” ვერ ჩამოყალიბდება. მეორე მხრივ, ოპოზიციაში ეჭვი შეაქვთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის დამოუკიდებლობაში.

გირჩევთ, წაიკითხოთ:

“ახალ ფრაქციაზე გეგმები ჯერ არ ყოფილა” – ლილუაშვილი გახარიას გადაწყვეტილებას აფასებს

მასალების გადაბეჭდვის წესი