ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ თუ ადამიანს ფილერი აქვს, ეს ვაქცინაციის უკუჩვენებად არ ითვლება და აღნიშნულის გამო იმუნიზაციისგან თავი არ უნდა შეიკავონ.
ფილერი არის შემავსებელი პრეპარატი, რომელიც კოსმეტოლოგიური პროცედურების დროს გამოიყენება. ის გამოიყენება მოცულობითი ეფექტის მისაღებად ტუჩის, ყვრიმალის, ნიკაპის მიდამოში, სახის ოვალის კორექციისთვის, ტუჩის კუთხის, თვალის კუთხის და წარბის ასაწევად, ქვედა ქუთუთოს კორექციისთვის.
როგორც ბიძინა კულუმბეგოვმა “ფორმულას” ეთერში განაცხადა, იმუნური რეაქცია ფილერზე წლების წინ გრიპის ვაქცინაციის დროს აღმოაჩინეს და “ფაიზერის” შემთხვევაშიც დაფიქსირდა აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, თუმცა ეს ვაქცინაციის საწინააღმდეგო ჩვენებად მიჩნეული არ იქნა:
“ფილერებთან დაკავშირებული იმუნოლოგიური რეაქცია და პასუხი იმუნიტეტის გრიპის ვაქცინაციის დროს წლების წინაა აღმოჩენილი. ეს ახალი არ არის. თუმცა “ფაიზერთან” მიმართებით აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში შემჩნეული იქნა. თუმცა დღეს არსებობს ასეთი რეკომენდაცია, რომ ეს არ არის ვაქცინაციის საწინაარმდეგო ჩვენება.
თუ შეშუპება ფიქსირდება, სპეციფიკური სქემაცაა მოწოდებული. რამდენიმედღიანი ჰორმონის ჩართვაა საჭირო და ეს უკვალოდ ქრება. ამიტომ, ვისაც ფილერი აქვს, არ შეეშინდეთ, თავი არ შეიკავონ ამის გამო ვაქცინაციისგან”, — ამბობს ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი “ფორმულას” ეთერში.
დღეს, 25 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ “ფაიზერის” ვაქცინის კითხვარს დაემატა კითხვა ფილერების შესახებ.
“არის ე.წ. “ჩექლისტი”, 11 თუ 12 კითხვა, რომელსაც აცრამდე ეკითხებიან და თუ კითხვაზე პასუხი არის დიახ, ექიმი იღებს ეჭვს, რომ შეიძლება მომატებული იყოს რისკი, იმ პერიოდში არ აცრის და დამატებითი გამოკვლევებისთვის შესაბამის სპეციალისტთან გადაამისამართებს.
“ფაიზერის” CDC-ის გაიდლაინში და შემდეგ კითხვარში დაემატა ერთი კითხვა. “ფაიზერს” ახასიათებს გარკვეული ადგილობრივი და არა სისტემური, ანუ არა ანაფილაქსიური გართლებები იმ ადამიანებში, ვინც ხშირად იყენებს “ფილერს”. ვისაც ხშირად აქვს გამოყენებული ფილერი, “ფაიზერის” იმუნიზაციის შემდეგ შეიძლება ჰქონდეს ადგილობრივი გართულებები, რომელიც საჭიროებს მერე მკურნალობას, ამიტომ ამას კიდევ დამატებით შეეკითხებიან”, — აცხადებს გამყრელიძე.
“ფაიზერის” ვაქცინის 30 000-მდე დოზა საქართველომ 25 მარტს მიიღო. აცრისთვის მისი გამოყენება კი 30 მარტიდან დაიწყება.