პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ოპოზიცია “კატასტროფულ მდგომარეობაშია” და ორი თვით ადრე აქციის დაანონსებაც ამაზე მიუთითებს.
“მე არ ვიცი, დამისახელეთ ნებისმიერი ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აანონსებს აქციას ორი თვის შემდეგ. ეს მიუთითებს, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ დადიან მათ აქციებზე. ოპოზიცია არის სრულ გაუგებრობაში. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან, კატასტროფულ მდგომარეობაში… მე ვგულისხმობ რადიკალურ, სააკაშვილის ფრთას და, ზოგადად, მათ რადიკალურ ქმედებებს. სხვა კომენტარი არ შემიძლია გავაკეთო”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერის თქმით, ოპოზიციამ “ორგანიზებული შეტევა მიიტანა” ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჟოზეფ ბორელის მიმართ, რომელმაც თქვა, რომ ეუთოს შეფასებით, საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი”.
“ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რა ძალასთან გვაქვს საქმე. ოპოზიციას დარჩა დღეს სულ რაღაც ორი არჩევანი — მოუსმინონ და გაითვალისიწინონ ჩვენი უცხოელი პარტნიორების რჩევები, შევიდნენ პარლამენტში და დაასრულონ ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი და მასკარადი. აბსოლუტურად არაპროდუქტიულია მათი ქმდებები. ან თუ გააგრძელებენ კვლავაც დესტრუქციული ქმედებების განხორციელებას და არ გაემიჯნებიან სააკაშვილის რადიკალურ პოლიტიკას, მათ მოუწევთ მარგინალიზაციის გზით სიარული”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
ოპოზიციამ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით, 15 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე მასობრივ საპროტესტო აქცია დააანონსა.