ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის, ჟოზეფ ბორელის განცხადებით, მისი გადასწყვეტი არაა, როდის უნდა ჩატარდეს საქართველოში არჩევნები.
ამის შესახებ ბორელმა დღეს, 16 მარტს, ბრიუსელში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ასე უპასუხა ბორელმა კითხვას, რამდენად ეფქტური გამოსავალი იქნება ვადამდელი არჩევნების დანიშვნა, მაშინ, როდესაც საქართველოში ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაწყვეტის გზად მიიჩნევს.
“ჩემი გადასაწყვეტი არ არის, უნდა ჩატარდეს თუ არა საქართველოში ახალი არჩევნები. თუმცა ეუთოს შეფასებით, ეს არჩევნები იყო სამართლიანი და თავისუფალი”, – განაცხადა ბორელმა.
ეუთო/ოდირ-მა 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიში 5 მარტს გამოაქვეყნა. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ეუთო/ოდირის შეფასებით, “არჩევნები ძირითადად კონკურენტული იყო და ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები ძირითადად დაცული”.