ახალი ამბები

გაეროს ადამიანთა უფლებათა საბჭომ მხარი დაუჭირა საქართველოს რეზოლუციას ოკუპაციის შესახებ

25 მარტი, 2021 •
გაეროს ადამიანთა უფლებათა საბჭომ მხარი დაუჭირა საქართველოს რეზოლუციას ოკუპაციის შესახებ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განცხადებით, 2021 წლის 24 მარტს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია — „თანამშრომლობა საქართველოსთან“.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს რეზოლუცია საბჭოს სხდომაზე მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ ვიდეომიმართვის საშუალებით წარადგინა. თავის გამოსვლაში მან ისაუბრა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არსებულ განსაკუთრებით მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. მან აღნიშნა, რომ მიუხედავად საბჭოს პირდაპირი მოწოდებისა, უმაღლესი კომისრის ოფისს ჰქონოდა ორივე რეგიონში შესვლის საშუალება, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალა კვლავ ხელს უშლის საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეღწევას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში.

საგარეო უწყების ცნობით, რეზოლუციაში შესულია საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის, საოკუპაციო რეჟიმის მიერ ადამიანების უკანონო დაკავებებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ქართველი მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტების შესახებ შეშფოთებები.

საგარეოს განცხადებით, დოკუმენტი ხაზს უსვამს რუსეთის პასუხისმგებლობას ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე.

“მნიშვნელოვანია, რომ რეზოლუციაში ასახულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამ წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება, რომელმაც სამართლებრივად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის დროსა და შემდგომ პერიოდში საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე, ასევე, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მათზე ეფექტური კონტროლი”

მიღებული რეზოლუციით ადამიანის უფლებათა საბჭო ავალებს უმაღლეს კომისარს, საბჭოს მომდევნო სესიებზე საბჭოს წარუდგინოს რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით ზეპირი და წერილობითი ანგარიშები.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება მიღებული რეზოლუციის შესახებ, იხილეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი