ახალი ამბები

“გარწმუნებთ, არანაირი პირობითობა არ იქნება” — ზალკალიანი აშშ-ის დაფინანსებაზე

24 მარტი, 2021 • 1150
“გარწმუნებთ, არანაირი პირობითობა არ იქნება” — ზალკალიანი აშშ-ის დაფინანსებაზე

საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გამორიცხავს აშშ-ის მიერ საქართველოსთვის სანქციების დაწესების შესაძლებლობას, ისევე, როგორც დახმარებაზე წინაპირობის დაწესებას.

“არათუ სკეპტიკურად ვარ განწყობილი, ვერც კი წარმომიდგენია მსგავსი სცენარით განვითარება. სამწუხაროდ, ოპოზიცია მხოლოდ და მხოლოდ ოცნებობს იმაზე, რომ რაც შეიძლება მძიმედ იყოს სიტუაცია საქართველოში და ქვეყანას დაუწესდეს სანქციები, რომ ეს გამოიყენონ ხელისუფლებაში მოსვლისთვის”, — განაცხადა ზალკალიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“.

ზალკალიანი ამბობს, რომ ემხრობა საქართველოს საკითხზე რეზოლუციის მიღებას, სადაც ორივე მხარის მიმართ გაკეთდება მოწოდებები.

“მაგრამ შეგახსენებთ არჩევნების წინა პერიოდს, ოპონენტების გამოსვლებს, როგორ თამამად აცხადებდნენ ისინი, რომ რეზოლუცია იქნება მიღებული, აპროპრიაციის აქტი იქნება მიღებული, ეროვნული თავდაცვის აქტი იქნება მიღებული, სადაც პირდაპირ იქნება სანქციები ჩადებული, ვნახეთ ჩვენ ეს ყველაფერი? — არაფერი! კიდევ ერთი ფუჭი მცდელობა იქნება ამჟამადაც, რადგანაც როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენელი, სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ ჩვენი თანმიმდევრული ნაბიჯებით კიდევ ერთხელ დავანახებთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორებს როგორც ევროპაში, ასევე აშშ-ში, თუ როგორი თანმიმდევრულია საქართველო ნაკისრი ვალდებულებებისადმი, რაც გულისხმობს ჩვენი ქვეყნის სრულფასოვან ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში. ეს პროცესი ვერ განხორციელდება დემოკრატიული რეფორმების გარეშე. ამიტომ მე საფრთხეს ვერ ვხედავ და გარწმუნებთ, რომ არანაირი ბმა და პირობითობა მომავალში არ იქნება“,— აღნიშნა ზალკალიანმა.

აშშ-ის სენატორმა აიდაჰოს შტატიდან და სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ჯიმ რიშმა 23 მარტს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ევროპისა და რეგიონული უსაფრთხოების თანამშრომლობის საკითხებში ქვეკომიტეტში მოსმენისას ჰკითხა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, უნდა განიხილოს თუ არა აშშ-მა გარკვეული წინაპირობების დაწესება საქართველოსთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენისთვის.

მოგვიანებით მან “ამერიკის ხმასთან” განაცხადა, რომ საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების გაცემის პირობების დაწესება განიხილება.

“თვითონ ის ფაქტი, რომ ეს შეკითხვა დავსვი, ცხადია, იმაზე მიუთითებს, რომ ამ თემაზე ვფიქრობ. აქ ბევრ ჩვენგანს ძალიან, ძალიან სურს, რომ საქართველო წარმატებული იყოს. ჩვენ საქართველოში 2012 წლის  არჩევნებზე ვიყავით და უკან ძალიან ოპტიმისტური განწყობებით დავბრუნდით. [მას შემდეგ] ვნახეთ უკუსვლა და, როგორც ჩანს, ვითარება არ უმჯობესდება, ის უარესდება. ვიცი, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მიმდინარეობს მედიაცია. ორივე პოლიტიკურ პარტიას მტკიცედ მოვუწოდებ, დასხდნენ და გამოსავალი მონახონ. თუ ახლა ვერ მონახეს სწორი გამოსავალი, მას ვერასოდეს მონახავენ. მეორე მხრივ,  საქართველოს ბევრი თვალსაზრისით ვეხმარებით, მათ შორის, ფინანსურადაც. ეს ვერ გაგრძელდება, თუ პროგრესი არ იქნება. ამ ეტაპზე ეს მხოლოდ განიხილება, მაგრამ ყველას უნდა ჰქონდეს გონებაში ის, რომ პროგრესი გამოჩნდეს”, – განაცხადა რიშმა.

2020 წლის ზაფხულში წარმომადგენელთა პალატის ასიგნაციების კომიტეტის კანონპროექტში იყო ასეთი წინადადება, თუმცა ის საბოლოოდ კანონმდებლობაში არ აისახა. ამ თემაზე გირჩევთ „ნეტგაზეთის“ სტატიას: „სიგნალი“ – რას ნიშნავს აშშ-ს პროექტი საგარეო ოპერაციების დაფინანსებაზე საქართველოსთვის?.

ჯიმ რიში საქართველოსთვის აშშ-ის დახმარების წინაპირობის დაწესებაზე საუბრობს

მასალების გადაბეჭდვის წესი