ახალი ამბები

Bolt Food-ის კურიერები პროტესტს აგრძელებენ

24 მარტი, 2021 • 1114
Bolt Food-ის კურიერები პროტესტს აგრძელებენ

საკურიერო კომპანია Bolt Food-ისთვის მომუშავე კურიერები პროტესტს აგრძელებენ.

Bolt Food-ის კურიერებმა პროტესტის ნიშნად მუშაობა გასულ კვირას, 17 მარტს შეაჩერეს და აქცია გამართეს.

დასაქმებულები, — რომლებიც ფორმალურად მხოლოდ კონტრაქტორები არიან და შრომითი ხელშეკრულება გაფორმებული არ აქვთ, — სპორტის სასახლიდან კომპანიის სათავო ოფისამდე საპროტესტო მსვლელობით მივიდნენ.

მორიგი აქცია 23 მარტს გაიმართა, რის შემდეგაც კურიერების ნაწილმა თქვა, რომ პროტესტის გამო ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ამის შემდეგ 24 მარტს, კიდევ ერთი აქცია გაიმართა. კურიერები სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ და თავიანთი მოთხოვნები წამოაყენეს.

ერთ-ერთმა კურიერმა, ზაქარია მეტრეველმა „ნეტგაზეთს“ უთხრა, რომ ის ერთ-ერთია იმ 6 კურიერს შორის, რომლებიც დემონსტრაციაში მონაწილეობის შემდეგ აპლიკაციაში პერმანენტულად დაბლოკეს, რაც, მისი თქმით, გათავისუფლებას ნიშნავს.

„ნეტგაზეთს“ კიდევ ერთმა გაფიცულმა კურიერმა, დავით ლუხავამ უთხრა, რომ 6 მოთხოვნა აქვთ ჩამოყალიბებული:

1. გადაიხედოს საბონუსე სისტემა

დღიური ბონუსის ასაღებად განსაზღვრული შეკვეთების რაოდენობა არ აღემატებოდეს დღიურად შესრულებადი, რეალური შეკვეთების რიცხვს.

2. ობიექტამდე მისასვლელი მანძილი გახდეს ანაზღაურებადი

კურიერს აუნაზღაურდეს არა მხოლოდ ობიექტიდან მომხმარებლამდე გავლილი მანძილი, არამედ ობიექტამდე მისვლის საფასურიც.

3. კურიერს აუნაზღაურდეს გაცდენილი დროის საფასური

იმ შემთხვევაშიც კი, თუკი ხაზზე მყოფ კურიერს 1 საათის განმავლობაში არ შეუვა შეკვეთა, ეს დრო ანაზღაურებული იქნას კომპანიის მიერ.

4. ცუდი შეფასების კრიტერიუმები

მკაცრად განისაზღვროს, თუ რა შემთხვევებში შეიძლება კურიერმა მიიღოს ცუდი შეფასება და შეეზღუდოს პროგრამასთან წვდომა. კომპანიის მხრიდან დასაბუთებული იქნას ცუდი შეფასების მიზეზი და კურიერს წინასწარ მიეცეს გაფრთხილება პროგრამის გათიშვის შესახებ.

5. ბონუსების მომენტალური დარიცხვა

კომპანიის მიერ დადგენილი ბონუსები მომენტალურად აისახოს ანგარიშზე.

6. პროგრამაში დაემატოს ე.წ. „თიფი“

მომხმარებელს ჰქონდეს საშუალება, პროგრამის მეშვეობით კურიერს გადაუხადოს დამატებით ფეხის ქირა, ე.წ. „თიფი“

კურიერების ინტერესებს პროფკავშირული გაერთიანების (GTUC) ახალგაზრდული ორგანიზაცია იცავს. მომავალ ნაბიჯებს კურიერები მოგვიანებით დააანონსებენ.

Bolt Food ესტონური ტაქსის კომპანია Bolt-ის (ყოფილი „ტაქსიფაის“/Taxify) ახალი აპლიკაციაა.

„ნეტგაზეთი“ უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ვრცელ მასალას მსგავს კომპანიებში ატიპური შრომით დაკავებული კურიერების და ტაქსისტების შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი