საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი და ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი, ზურაბ კახაბრიშვილი “ასტრაზენეკას” მიერ წარმოებული ვაქცინით COVID 19-ზე აიცრა.
როგორც საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაცია აცხადებს, ზურაბ კახაბრიშვილი გახდა პირველი წარმომადგენელი ქართული სპორტიდან, ვინც კოვიდ-19-ზე აიცრა და მის მოქმედებას საკუთარ თავზე უშუალოდ დააკვირდება.
ასოციაციის თქმით, ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი აღნიშნავს, რომ მისი გადაწყვეტილება განაპირობა იმ ფაქტორმა, რომ სპორტსმენების ნაწილს აქვს გარკვეული შიში ვაქცინაციასთან დაკავშირებით და ის პირად გამოცდილებას გაუზიარებს ყველა მწვრთნელს, სპორტსმენსა და მედიკოსს.
ზურაბ კახაბრიშვილს კოვიდ ვაქცინაცია ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში, შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით ჩაუტარდა.
ვაქცინის გაკეთებიდან 45 წუთის განმავლობაში სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი მედიკოსთა დაკვირვების ქვეშ იმყოფებოდა.
ასოციაციის განცხადებით, ვაქცინაციის შემდეგ ზურაბ კახაბრიშვილი თავს კარგად გრძნობდა და არ გამოხატულა არავითარი ცვლილება მის ორგანიზმში.