ახალი ამბები

“კონსტრუქციული ოპოზიცია” თუ მესამე ძალა? — გახარიას პერსპექტივა

23 მარტი, 2021 •
“კონსტრუქციული ოპოზიცია” თუ მესამე ძალა? — გახარიას პერსპექტივა

“ეს ადგილი [ოპოზიციური ველი] ცარიელი არ დარჩება, როგორც კი ოპოზიცია ნორმალურ ოპონირებას ვერ შეძლებს, აუცილებლად გაჩნდება იქ სხვა ძალა, რომელიც ამას მოახერხებს, თუ არადა, ჩვენ შიგნით გვაქვს ეს პოტენციალი… როგორც კი გარედან წინააღმდეგობა არ იქნება, შიგნიდან მოხდება დაშლა და ჩაშლა”, – “ქართული ოცნების” დაშლის გზით ოპოზიციის შექმნის შესაძლებლობაზე პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2013 წელს განაცხადა.

წელს, პოლიტიკიდან მეორედ წასვლისას კი, “სამომავლო ოცნებად” “ქართული ოცნების” ოპოზიციაში გადანაცვლება დაასახელა და თქვა, რომ დარდად მიჰყვება, რომ “ვერ შეიქმნა კონსტრუქციული ოპოზიცია”.

23 მარტს, გადგომიდან ერთი თვის შემდეგ, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დაადასტურა, რომ პოლიტიკაში რჩება. ვიდრე გახარიას პოლიტიკური დღის წესრიგი და პოზიციონირება უფრო ნათელი გახდება, “ქართული ოცნების” ნაწილი საკუთარი მთავრობის ყოფილ მეთაურს სწორედ საოცნებო “კონსტრუქციულ ოპოზიციად” განიხილავს, სხვები კი უფრო ფრთხილ კომენტარს აკეთებენ ან დუმილს ინარჩუნებენ. ანალიტიკოსების აზრით, ამ ფონზე გახარიას მთავარი გამოწვევა იქნება დაამტკიცოს, რომ ივანიშვილის პროექტი არაა.

თუმცა გახარიას პიარ სტრატეგია გამიჯვნის მცდელობაზე ჯერჯერობით არ მიანიშნებს — სოციალურ ქსელ Facebook-ში ახალი მხარდამჭერი გვერდის შექმნის ნაცვლად, სახელი შეეცვალა და “გახარია და მედიად” გადაკეთდა ივანიშვილთან აფილირებული, 2011 წელს შექმნილი გვერდი “ბიძინა ივანიშვილი და მედია”.

“ოცნების” მოზომილი რეაქცია

“არ მინდა, იქამდე მივიდე, ვთქვა: ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა რა იყო-მეთქი. ჯობდა არ წასულიყო. რაკი ეს მოხდა, ეს შემობრუნებაც ბადებს ჩემთვის კითხვის ნიშნებს. რა თქმა უნდა, ის იქნება ჩვენი ოპოზიცია და, შესაბამისად, ჩვენ მოგვიწევს ოპონირება. ეს, ერთი მხრივ, იქნება საინტერესო. ვერ ვიტყვი, რომ “ქართული ოცნებისთვის” ეს იქნება საზიანო. ჩვენთვის საზიანო მისი წასვლა იყო”, — განაცხადა კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

მმართველი გუნდიდან წულუკიანი ყველაზე კრიტიკული იყო. სხვები პოზიტიურად შეხვდნენ ექს-პრემიერის განაცხადს და თქვეს, რომ საქართველოში არსებული დემოკრატიული გარემო ნებისმიერ ადამიანს აძლევს შეუფერხებელი პოლიტიკური საქმიანობის საშუალებას.

“მივესალმები, რაც მეტი პარტია იქნება საქართველოში, ვინც მაქსიმალურად დაიცავს ქართულ ინტერესებს და მათ შორის, მმართველ პარტიას მხოლოდ გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან” არ გვექნება ჭიდილი”, — თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარია არ იქნება დესტრუქციული ოპოზიცია.

“სასურველია, რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური პარტია გაჩნდეს ოპოზიციაში, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ არსებული ოპოზიცია ქვეყნის ინტერესებს არ პასუხობს”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

საპარლამენტო უმრავლესობის გამოხმაურებები გახარიას პოლიტიკურ გეგმებზე ნახეთ აქ: “ოცნებაში” გახარიას პოლიტიკურ აქტივობას მიესალმებიან

სოციოლოგ იაგო კაჭკაჭიშვილის აზრით, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები დაბნეულები არიან, რადგან მათაც აქვთ ეჭვი, რომ გიორგი გახარია ივანიშვილის მიერ პროვოცირებული, წაქეზებული და მხარდაჭერილია.

“ეშინიათ, რომ გამართლდეს ეჭვი და არ უნდათ, გაილაშქრონ იმის წინააღმდეგ, ვის უკანაც ბიძინა ივანიშვილი დგას. ამიტომ ფრთხილობენ და ლოიალურ განცხადებებს აკეთებენ”, — შენიშნავს კაჭკაჭიშვილი.

ივანიშვილის პროექტი თუ “მესამე ძალა”?

“ოცნების” დეპუტატ ბექა დავითულიანის თქმით, “რაც უფრო მეტი ჯანსაღი ძალა იქნება ქართულ პოლიტიკურ ველზე, მით უფრო კარგია ქართული პოლიტიკისთვის და მით უფრო უარესი — რადიკალური ოპოზიციური ძალებისთვის, რომლებიც დესტრუქციაზე არიან ორიენტირებული”.

თუმცა ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ გახარია ელექტორატს ისევ “ქართულ ოცნებას” გაუყოფს და“მესამე ძალად” ვერ ჩამოყალიბდება.

“სოციალური მედიაში რასაც ვხედავ, გახარიას ძალიან ბევრი “დამლაიქებელი” “ოცნების” მხარდამჭერია და თუ ვინმე შეშფოთებული უნდა იყოს, ესაა “ოცნება” და არა ოპოზიცია”, — ამბობს “ევროპული საქართველოს” წევრი სერგი კაპანაძე.

“ივანიშვილმა გამოიყვანა სარეზერვო ფიგურა და შეეცდებიან, მისგან შექმნან ახალი ლიდერი, რომელიც, საბოლოო ჯამში, ისევ ივანიშვილის ყულაბაში ჩაყრის ხმებს”, — დასძენს გიორგი გუგავა “ლეიბორისტული პარტიიდან”.

მეორე მხრივ, ოპოზიციაში ეჭვი შეაქვთ ყოფილი პრემიერ-მინისტრის დამოუკიდებლობაში, მით უმეტეს, რომ აქამდე წასულ არცერთ პრემიერს ივანიშვილისთვის ოპოზიციის შექმნა არ გაუბედავს.

“გახარია „ქართული ოცნებისგან“ დამოუკიდებელი ფიგურა ვერ იქნება, ეს იქნება უფრო „ქართული ოცნების“ მაშველი რგოლი იმედგაცრუებული ამომრჩევლისთვის. უნდათ, რომ რამე ახალი საყრდენი იპოვონ“, — განაცხადა “ლელოს” წარმომადგენელმა ფიქრია ჩიხრაძემ.

ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, გიორგი გახარიას მისია პოლიტიკაში დაბრუნების შემდეგ “ქართული ოცნება 2”-ის შექმნა იქნება.

“პარასკევ საღამოს ვთქვი, რომ კარგი იქნებოდა, საქართველოში ძლიერი ალტერნატიული პოლიტიკური ძალა გაჩენილიყო. არც აციეს, არც აცხელეს და გახარია შვებულებიდან გამოიყვანეს იმისთვის, რომ შეასრულოს მისია და შექმნას “ქართული ოცნება 2”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

ეკა ბესელია, რომელიც თავადაც ერთ-ერთია, ვინც “ქართული ოცნება” გუნდში აზრთა სხვაობის გამო დატოვა, არ გამორიცხავს, გახარია დამოუკიდებლად მოქმედებდეს.

“ორი ვერსია მაქვს, მაგრამ არ ვიჩქარებდი, ჯერ დავაკვირდებოდი მოვლენებს და პროცესებს, ეს იქნება თუ არა ივანიშვილის მიერ წინასწარ გაცხადებული ახალი ალტერნატივის შექმნის მცდელობა, თუ ეს არის რამე სხვა პროექტი. იმასაც ვუშვებ, რომ გახარია შეიძლება არ იყოს ივანიშვილის პროექტის ნაწილი და დამოუკიდებლად, სხვა ჯგუფებთან ფიქრობდეს”, — ამბობს იგი.

ბესელიას მსგავსად, ორივე ვერსიას რელევანტურად მიიჩნევენ პოლიტიკის ანალიტიკოსები და ამბობენ, რომ ამ ეტაპზე რთულია გახარიას დღის წესრიგის პროგნოზირება.

“ის, რომ “ოცნების” წარმომადგენლები მიესალმნენ მის განცხადებას, ცხადია, გაზრდის ეჭვებს, რომ გახარია იქნება ფსევდოოპოზიცია, მით უმეტეს, თუ ისე მოიქცევა, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, მაგრამ ვნახოთ, ჯერ ვერაფერს ვიტყვით გადაჭრით. შთაბეჭდილება ისეთია, რომ გარკვეული რეალური დაპირსიპირება მართლაც ჰქონდა მას “ოცნებასთან” და ივანიშვილთან და რეალური ოპოზიციური ამბიცია აქვს, მაგრამ როგორი იქნება მისი პოზიციონირება, ვის დაიყენებს გვერდში, რამდენად მიიმხრობს ამომრჩეველს, ამის თქმა ზუსტად შეუძლებელია”, — ამბობს “ნეტგაზეთთან” საუბარში გია ნოდია.

გია ნოდია

ის არ გამორიცხავს, არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში გახარიამ “ქართულ ოცნებას” გაუყოს ხმები, ასევე, მიიმხროს გადაუწყევეტელი ან ოპოზიციით გაწბილებული ამომრჩეველი.

“როგორც ჩანს, ყველა ამ მიმართულებით ექნება იმედი”, — ამბობს ნოდია.

საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) დირექტორი კორნელი კაკაჩია სვამს კითხვას, ვინ დააფინანსებს გახარიას პოლიტიკურ აქტივობას.

“პარტიულ პოლიტიკაში კონკურენცია საკმაოდ დიდია. თუ გადავხედავთ, მაგალითად, ახალი პარტიების შედეგებს, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა მათგანმა უზარმაზარი თანხა დახარჯა, მაგალითად, “ლელომ”, შედეგი იყო მოკრძალებული. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, თუ რის იმედზე აკეთებს გიორგი გახარია ახალ ძალას, რა პოლიტიკური რეიტინგი აქვს მას დღეს”, — ამბობს კაკაჩია.

საზოგადოებრივი აზრის უახლეს კვლევებში გიორგი გახარიას რეიტინგი არ გაუზომავთ. თუმცა „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის“ (IRI) 2020 წლის აგვისტოს საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გიორგი გახარია 63%-ით პოლიტიკურ რეიტინგებში პირველ ადგილს იკავებდა.

კორნელი კაკაჩიას აზრით, გახარიას, როგორც პრემიერ-მინისტრის, რეიტინგი ავტომატურად მის პირად რეიტინგად არ უნდა მივიჩნიოთ. 

“გახარიას, როგორც პოლიტიკოსის, სუფთა რეიტინგი დღეს შეიძლება განსხვავებული იყოს”, — ამბობს პოლიტოლოგი. 

კორნელი კაკაჩიას აზრით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი, რომელიც ნათელს გახდის, რამდენად დამოუკიდებელი ფიგურაა გიორგი გახარია, “ქართულ ოცნებასთან” და ოპოზიციასთან მისი სამომავლო ურთიერთობა იქნება.

“როცა დავინახავთ, ის იქნება რბილი ოპოზიცია, რაზეც ყოველთვის ოცნებობდა ბიძინა ივანიშვილი, თუ დაპირისპირებული ოპოზიციური პარტია, რომელიც სხვა პარტიებს შეუერთდება რეჟიმის ცვლილებებისთვის, შეგვეძლება კონკრეტულად ვისაუბროთ, რა შანსები შეიძლება ჰქონდეს მის პოლიტიკურ ძალას. ჯერ არ ვიცით, რა ამოძრავებს მას — ეს არის პერსონალური რევანშის სურვილი, თუ რაღაც სხვა მოტივიაცია აქვს”, — ამბობს კაკაჩია.

ამასთან, კაკაჩია მიიჩნევს, რომ გიორგი გახარიას, მისი პოლიტიკური წარსულიდან გამომდინარე, გაუჭირდება გადაუწყვეტელი ამომრჩველის მიმხრობა და მიუხედავად იმისა, თავად გასცა თუ არა 2019 წლის აქციის დაშლის ბრძანება, მოუწევს პასუხი გასცეს 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებულ კითხვებს.

“გახარია, როგორც საზოგადოების რეაქციიდან ჩანს, საკმაოდ პოპულარული პოლიტიკური ლიდერია, ამიტომ, თუ ის პოლიტიკაში დაბრუნდა, ცხადია, ცარიელი ხელით არ დაბრუნდება, მას ექნება გარკვეულწილად განსაზღვრული მნიშვნელოვანი ელექტორალური მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა, ცხადია, არ წამოვა მხოლოდ “ქართული ოცნების” ამომრჩევლებისგან, წამოვა სხვა ჯგუფებიდანაც, მათ შორის, ვინც “ქართულ ოცნებას” არ ირჩევს, ფიქრობს, რომ მან წარმატებით ვერ გაართვა თავი სხვადასხვა რიგის ამოცანას, თუნდაც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ბრძოლას; გახარიას ელექტორატი შესაძლოა, იყვნენ ადამიანები, ვინც სტაბილურად ჩამოუყალიბებელი არიან პოლიტიკური არჩევანის თვალსაზრისით და ეძებენ ახალ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც დაეყრდნობიან”, — ამბობს, თავის მხრივ, იაგო კაჭკაჭიშვილი.

თუმცა, კაჭკაჭიშვილის აზრით, საბოლოო ჯამში, სულერთია, რომელი ჯგუფიდან მიიღებს ელექტორალურ მხარდაჭერას გახარია, — “ქართული ოცნების” აქტიური მხარდამჭერებიდან, “ქართული ოცნების” ყოფილი მხარდამჭერებიდან თუ ჩამოუყალიბებელი ამომრჩევლიდან, — მისი მთავარი გამოწვევა ბიძინა ივანიშვილისგან დისტანცირება იქნება.

“ფაქტია, მას ძალიან გაუჭირდება ჩამოყალიბდეს ივანიშვილისგან დამოუკიდებელ პოლიტიკურ ფიგურად, მით უფრო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის თუ ვითომ წასვლის დროს თქვა, რომ ის ხელს შეუწყობს ახალი ოპოზიციური ძალის გაჩენას, რომელიც ჩაანაცვლებს ხელისუფლებაში “ქართულ ოცნებას”. ამიტომ ახლა ყველა ფიქრობს, ეს ახალი ოპოზიციური ძალა შეიძლება არის სწორედ გახარიას ხელმძღვანელობით ჩამოყალიბებული და ივანიშვილი უკვე აპირებს გაიგრძელოს თავისი ძალაუფლება არა “ქართული ოცნების”, არამედ ახალი პარტიული რესურსის ხარჯზე. ამაზე სულ იქნება საუბარი და ამასთან გამკლავება გახარიას ძალიან გაუჭირდება. ძალიან უნდა დაუპირისპირდეს ივანიშვილსაც, “ქართულ ოცნებასაც” და პრინციპულად ახალი პოზიცია უნდა დაიკავოს იმისთვის, რომ დაარწმუნოს საზოგადოება ივანიშვილისგან მის დისტენცირებაში”, — მიიჩნევს კაჭკაჭიშვილი.

გახარიას გუნდი

გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან 18 თებერვალს გადადგა და მიზეზად დაასახელა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების თაობაზე თანაგუნდელებთან არსებული უთანხმოება.

გახარიას კვლდაკვალ მთავრობის ადმინისტრაცია დატოვეს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა კახა ქემოკლიძემ, ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ, რეგიონული პოლიტიკისა და კოორდინაციის სამსახურის უფროსმა კოტე ანანიაშვილმა, სტრატეგიული კომუნიკაციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სოფო მდინარაძემ, პრემიერის მრჩეველმა ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

იმ ადამიანების გარდა, ვინც ირაკლი ღარიბაშვილის გაპრემიერების შემდეგ თანამდებობები “პირადი განცხადების საფუძველზე” დატოვეს, გიორგი გახარიას გუნდში მოიაზრებიან შს მინისტრის ყოფილი მოადგილე და მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი უფროსი ნათია მეზვრიშვილი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: ირაკლი ჩიქოვანი, შალვა კერესელიძე, მაია მენაღარიშვილი, ბექა ლილუაშვილი, რესან კონცელიძე , მარიამ ქვრივიშვილი, მარიამ ლაშხი, მიხეილ დაუშვილი.

ბექა ლილუაშვილის თქმით, პარლამენტში გიორგი გახარიასთან დაახლოებული დეპუტატების მიერ ახალი ფრაქციის შექმნა “ჯერ არ იგეგმება”.

“ახალ ფრაქციაზე გეგმები ჯერ არ ყოფილა” – ლილუაშვილი გახარიას გადაწყვეტილებას აფასებს

მასალების გადაბეჭდვის წესი