კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ამბობს, რომ გაკვირვებულია გიორგი გახარიას განცხადებით პოლიტიკიდან არწასვლასთან დაკავშირებით. ამის შესახებ წულუკიანმა ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ელოდა თუ არა წულუკიანი გახარიას დღევანდელ განცხადებას, კულტურის მინისტრის თქმით, მას იმედი ჰქონდა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი “ამას არ გააკეთებდა”.
“მე არ მინდა იქამდე მივიდე ვთქვა, ან წასვლა რა იყო, ან მოსვლა რა იყო-მეთქი, მაგრამ გამიკვირდა. მე მგონია, რომ ჯობდა არ წასულიყო, რაკი ეს მოხდა, ეს შემობრუნებაც ბადებს ჩემთვის კითხვის ნიშნებს. ის თუ შემობრუნდა, და, როგორც ჩანს, მას ეს გადაწყვეტილი აქვს, რა თქმა უნდ,ა ის იქნება ჩვენი ოპოზიცია და, შესაბამისად, ჩვენ მოგვიწევს ოპონირება. ეს, ერთი მხრივ, იქნება საინტერესო.
მე ვერ ვიტყვი, რომ “ქართული ოცნებისთვის” ეს იქნება საზიანო. ჩვენთვის საზიანო მისი წასვლა იყო, მისი მოსვლა ჩვენთვის საზიანო არ მგონია, თუმცა გუნდში მე ვინც ვნახე, ყველა გაკვირვებული იყო მაინც მისი ამ განცხადებით, მათ შორის მე პირველი, და ეს ჩვენთვის საზიანო ვერ იქნება. მაგრამ მისთვის პიროვნულად ეს რამდენად კარგია, ისევ ჩემს აზრზე ვრჩები, რომ უკან დაბრუნება მისთვის… იქნება კითხვები, რასაც პასუხები უნდა გაეცეს და ეს რამდენად კომფორტული კითხვები იქნება, მე არ ვარ დარწმუნებული. თუმცა წარმატებას ვუსურვებ”, – განაცხადა წულუკიანმა.
დღეს, 22 მარტს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს და სამომავლო გეგმებზე მოგვიანებით ისაუბრებს.
გიორგი გახარია პრემირ-მინისტრის თანამდებობიდან 18 თებერვალს გადადგა. გადადგომისას გახარიამ განაცხადა, რომ არსებული ვითარების გათვალისწინებით, ის არ ეთანხმებოდა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებას, რადგან ეს ქვეყანაში შექმნიდა დესტაბილიზაციის საფრთხეს.
“ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას დაკავება] უნდა ჩატარდეს მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა რისკი, მით უმეტეს, პოლიტიკური მიზანშეწონილობისა და პოლიტიკური ორიენტაციის. ამიტომ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე შეთანხმებას, მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე”, – თქვა გახარიამ.
მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ გადადგომა ხელს შეუწყობდა ქვეყანაში პოლარიზაციის შემცირებას.
გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო. თუმცა 23 თებერვალს “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ნიკა მელია დააკავეს.