ახალი ამბები

“ოცნებაში” გახარიას პოლიტიკურ აქტივობას მიესალმებიან

22 მარტი, 2021 •
“ოცნებაში” გახარიას პოლიტიკურ აქტივობას მიესალმებიან

“ქართულ ოცნებაში” მიესალმებიან ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პოლიტიკურ აქტივობას და შესაძლო პარტიის შექმნას.

თანამდებობიდან გადადგომის შემდეგ გახარიამ დღეს, 22 მარტს პირველი კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს. გახარიამ სამომავლო გეგმებზე საუბარი უახლოეს პერიოდში დააანონსა.

საპარლამენტო უმრავლესობაში პოზიტიურად შეხვდნენ  ექს-პრემიერის განაცხადს და თქვეს, რომ საქართველოში არსებული დემოკრატიული გარემო ნებისმიერ ადამიანს აძლევს შეუფერხებელი პოლიტიკური საქმიანობის საშუალებას. ამასთან, მმართველი გუნდი მიუთითებს, რომ დღეს არსებული ოპოზიციისგან განსხვავებით, გიორგი გახარია “კონსტრუქციული ოპოზიცია” იქნება.

“ჩვენ გვაქვს ისეთი საპარლამენტო გარემო, სადაც ნებისმიერ ადამიანს, თქვენც, მეც, ყველას აქვს უფლება, შექმნას პარტია და განაგრძოს პოლიტიკური საქმიანობა. მე მივესალმები, რაც მეტი პარტია იქნება საქართველოში, ვინც მაქსიმალურად დაიცავს ქართულ ინტერესებს და მათ შორის, მმართველ პარტიას მხოლოდ გაკოტრებულ „ნაციონალურ მოძრაობასთან” არ გვექნება ჭიდილი. ჩემთვის საინტერესო იქნება, თუ შექმნის [პარტიას] იმიტომ, რომ ძალიან გამოცდილი პრემიერი იყო, ბევრი გააკეთა ჩვენი ქვეყნისთვის და მისი კრიტიკული ხედვა, ალბათ, საინტერესო იქნება საზოგადოებისთვის და პირადად ჩემთვისაც”, – განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ.

დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი დარწმუნებულია, რომ გიორგი გახარია არ იქნება დესტრუქციული ოპოზიცია.

“სასურველია, რაც შეიძლება მეტი პოლიტიკური პარტია გაჩნდეს ოპოზიციაში, რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ არსებული ოპოზიცია ქვეყნის ინტერესებს არ პასუხობს”, – განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

გახარიას პატრიოტად ახასიათებს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე.

“ჩვენ ვცხოვრობთ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც არიან სხვადასხვა პარტიები და დემოკრატიული სამყარო ახალ პარტიებსაც მიესალმება. ამაში განსაკუთრებულს ვერაფერს ვხედავ. გიორგი გახარიასთან დაკავშირებით რაზეა ლაპარაკი, წარმოდგენა არ მაქვს, ეს ამბავი პირველად ათი წუთის წინ გავიგე. მე პირადად გიორგი გახარიას ძალიან დიდ პატივს ვცემ. მასთან მქონდა მცირე, სხვადასხვა მიმართულებით საუბრები და, ვფიქრობ, ის არის ქვეყნის პატრიოტი“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

“ნებისმიერ ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც სურს, ქართულ პოლიტიკაში მიიღოს მონაწილეობა, სიამოვნებით შევხვდებით, თუკი ეს იქნება მისი გადაწყვეტილება”, – განუცხადა “ტვ პირველს” საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.

კითხვაზე, იქნება თუ არა გახარია “ქართული ოცნების” კონკურენტი, მაჭარაშვილი ამბობს, რომ მმართველი გუნდისთვის კონკურენტია ის გამოწვევები, რაც ქვეყანაში არსებობს.

“მე ვფიქრობ, გახარიასნაირი ადამიანი პოლიტიკაში უნდა იყოს, ზოგადად”, – თქვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ქეთევან დუმბაძემ.

“რაც მეტი ჯანსაღი ძალა იქნება ქართულ პოლიტიკურ ველზე, მით უფრო კარგია ქართული პოლიტიკისთვის და მით უფრო უარესია რადიკალური ოპოზიციური ძალებისთვის”, – ასე გამოხმაურა გიორგი გახარიას პოლიტიკურ პერსპექტივას “ქართული ოცნების” წევრი ბექა დავითულიანი.

“საქართველო დემოკრატიული რესპუბლიკაა და ყველას აქვს უფლება შექმნას პოლიტიკური ძალა. გიორგი გახარია ქართულ პოლიტიკაში ჯერ არ შემობრუნებულა, თუ შემობრუნდება, რა თქმა უნდა, [ქართული ოცნებისთვის] კონკურენტი იქნება, იმიტომ, რომ ის ამ პარტიიდან წასულია. ჩემი შეფასებით, გიორგი გახარია კარგი პრემიერ-მინისტრი იყო, მას ბევრი მნიშვნელოვანი საქმე აქვს გაკეთებული და თუ იგივე წარმატებით განაგრძობს ის ოპოზიციის როლში მოღვაწეობას, ეს ქართული პოლიტიკისთვის მხოლოდ კარგი იქნება. ჯერ დააანონსა, ვნახოთ, რას იზამს”, – განაცხადა დავითულიანმა.

“ქართულ ოცნებაში” ამბობენ, რომ გიორგი გახარიას მმართველ გუნდში თანამოაზრეები ჰყავს და არ გამორიცხავენ, ისინი ექს-პრემიერის გუნდში გადავიდნენ.

“ქართული ოცნებაში” არიან დეპუტატები, რომლებიც პარლამენტში სწორედ გახარიას რეკომენდაციით მოხვდნენ. შესაბამისად, ვიღაც გაყვება, ვიღაც არ გაყვება, შეიძლება გახარიას ისეთი ადამიანებიც შეუერთდნენ, რომლებიც პარლამენტში მისი რეკომენდაციით არ შესულან“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ამბობს, რომ მათ ვინც, “ქართული ოცნებიდან” გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდში წასვლა სურთ, გზა ხსნილი აქვთ.

ამის შესახებ ვოლსკიმ ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებაზე საუბრისას განაცხადა. გახარიას თქმით, ის პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს.

“მე არ გამიგია, რომ ვინმეს “ქართული ოცნებიდან” წასვლა უნდა და გადანაცვლება ახალ პოლიტიკურ ჯგუფში, თუმცა გზა ხსნილი აქვთ თუ ვინმე ასე გადაწყვეტს, ან თვითონ[გიორგი გახარია] თუ გადაწყვეტს პოლიტიკაში აქტიური იყოს.  თუნდაც გუნდის შექმნასთან დაკავშირებით მას არ განუცხადებია ჯერ არაფერი”, — განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, თავად გახარიას გადადგომის შემდეგ არ შეხვედრია და ის ბოლოს უმრავლესობის სხდომაზე ნახა, სადაც პრემიერს ძალიან პრინციპული პოზიცია ჰქონდა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატი შეჩერებულიყო.

პოლიტიკიდან წასვლას არ ვაპირებ — გახარია

 

მასალების გადაბეჭდვის წესი