ახალი ამბები

ნალექიან ამინდებში ვაშლიჯვრის მეწყერთან სამშენებლო სამუშაოები გაჩერდება — ბენდელიანი

23 მარტი, 2021 •
ნალექიან ამინდებში ვაშლიჯვრის მეწყერთან სამშენებლო სამუშაოები გაჩერდება — ბენდელიანი

ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ბოლო პერიოდში ფერდობი გაიბზარა და მეწყრის საშიშროებაა, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ნალექიან ამინდებში სრულად შეჩერდება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა დღეს, 23 მარტს განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის მერიამ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიიღო.

“წინა დღეების განმავლობაში საუბარი იყო იმ ტიპის სამუშაოების შეჩერებაზე, რომელიც უშუალოდ ვიბრაციის გამომწვევი იყო და რომელსაც შეიძლება გარკვეული სახის ზემოქმედება განეხორციელებინა მეწყრულ პროცესებთან დაკავშირებით. თუმცა გუშინ ჩვენც გვქონდა გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან კომუნიკაცია და სამუშაო ჯგუფის ფარგლებში ერთობლივად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ნალექიანი ამინდების შემთხვევაში, მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ტერიტორიაზე სრულად გაჩერდება სამშენებლო სამუშაოები”, — განაცხადა ბენდელიანმა,

შემდეგ კი დააზუსტა, რომ გაბმული წვიმიანი ამინდების შემთხვევაში ,სამშენებლო სამუშაოები “წვიმის გადაღების შემდეგ ერთ საათში არ აღდგება”.

“ნალექი არ ნიშნავს ცალკე აღებულ რაღაც ერთ ღონისძიებას. გააჩნია, რა მოცულობის ნალექი მოვა, გააჩნია, რა პერიოდის განამვლობაში იქნება ეს ნალექი. თუ მუდმივ წვიმებზეა საუბარი, ეს არ უნდა იქნეს ისე აღქმული, რომ წვიმა გადაიღებს და ერთ საათში იქ სამშენებლო სამუშოები გაგრძელდება. ეს არის ზოგადი კომენტარი, თუმცა ყოველდღიურად ხდება კონკრეტულად გადაწყვეტილების მიღება, რამდენად არის მუშაობა შესაძლებელი ან არ არის, ან რა არეალშია შესაძლებელი”, — განმარტა ბენდელიანმა.


თბილისში, ვაშლიჯვრისა და ნუცუბიძის დამაკავშირებელ გზაზე, მეწყერი გაჩნდა — ფერდობზე შესამჩნევია დიდი ზომისა და სიღრმის ბზარები.

დედამიწის შემსწავლელ მეცნეირებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტის დირექტორი, გეოლოგი თეა გოდოლაძე ამბობს, რომ დაძრულია ნახევარი მილიონი კუბური მეტრის მასის მიწა. თუმცა, ამ დროისთვის შეუძლებელია თქმა, რას გაანადგურებს მიწის მასა.

დაძრულია ნახევარი მილიონი კუბური მეტრი მიწა, შეკავება შეუძლებელია — თეა გოდოლაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი