ახალი ამბები

„იძულებულები ვართ სამუშაოები ღამეც ვაწარმოოთ“ — ბენდელიანი წერეთლის რეაბილიტაციაზე

20 აპრილი, 2023 • 1656
„იძულებულები ვართ სამუშაოები ღამეც ვაწარმოოთ“ — ბენდელიანი წერეთლის რეაბილიტაციაზე

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი აცხადებს, რომ თბილისში, წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოები 24- საათიან რეჟიმში იწარმოებს.

მერის მოადგილე აცხადებს, რომ სარეაბილიტაციო არეალი მასშტაბურია, წერეთელი კი ერთ-ერთი ცენტრალური გამზირია თბილისისთვის, რის გამოც მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები მალე დასრულდეს:

„რაც შეეხება რეაბილიტაციის პროცესს, ეს იქნება 24-საათიან რეჟიმში, ვინაიდან ვიცით, რომ სარეაბილიტაციო არეალი საკმაოდ მასშტაბურია და წერეთელი ერთ-ერთი ყველაზე ცენტრალური გამზირი არის ქალაქისთვის. ამიტომ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს კონკრეტულად იმ მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები. აქედან გამომდინარე, იძულებულები ვართ, ღამის განმავლობაშიც ვაწარმოოთ სარეაბილიტაციო სამუშაოები“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

მისივე თქმით, კაპიტალური რეაბილიტაციის პროცესში სრულად შეიცვლება კომუნიკაციები.

„ეს იქნება სრული რეაბილიტაცია როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა კომუნიკაციების, მოეწყობა გამწვანებული თარგები, გარე განათების ქსელი და მიწისქვეშა ურნები. რამდენიმე კომპანიაა ამ პროცესში მერიის მხრიდან ჩართული. გარდა ამისა, პროვაიდერი კომპანიები იქნებიან ჩართული. „ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერი“, „თელასი“, „თბილისი ენერჯი“, „მაგთი“, „სილქნეტი“ და ა.შ. რადგან ამ კომპანიების საკუთრებაშია არსებული ქსელები და საჭიროა მისი სრულად ჩანაცვლება.

ხიდის ნაწილში დაგეგმილი გვაქვს, რომ ოქტომბერში დავასრულოთ სამუშაოები. ჩვენი ძირითადი მოთხოვნა არის, რომ ხიდი იყოს ავთენტურად, პირველად მდგომარეობაში შენარჩუნებული, ხოლო რაც შეეხება წერეთლის გამზირის რეაბილიტაციას, იანვარში დასრულდება სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები. ღირებულება წერეთლის გამზირის ნაწილში არის 28 მილიონ 400 ათასი ლარი, ხოლო ხიდის ნაწილში არის დაახლოებით, 4 მილიონ 200 ათასი ლარი“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

ვრცლად წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე წაიკითხეთ.

მასალების გადაბეჭდვის წესი