2021 წლის თებერვალში NDI/CRRC-ის მიერ ჩატარებული კვლევით 53 პროცენტი აცხადებს, რომ კორონავირუსის ვაქცინით არ აიცრება, 35% აცრაზე თანახმაა, ხოლო 12-მა პროცენტმა კითხვაზე პასუხი არ იცის.
2020 წლის ივნისში გამოკითხულთა 46% ამბობდა, რომ არ გაიკეთებდა ვაქცინას, 2020 წლის დეკემბრისთვის კი მათი რიცხვი 41%-მდე შემცირდა. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ 2021 წლის თებერვალში იმ ადამიანების რიცხვი ვინც ვაქცინაციაზე უარს ამბობს, რეკორდულ ნიშნულზეა.
რაც შეეხება ვაქცინის მომხრეებს, 2020 წლის ივნისში მხოლოდ 38% პროცენტი ამბობდა, რომ დიახ, აიცრებოდა. 2020-ის დეკემბერში ვაქცინის მომხრეთა რიცხვი 41%-მდე გაიზარდა, ამჟამად 35%-მდე შემცირდა.
2020 წლის ივნისში 15%-მა კითხვას გასცა პასუხი “არ ვიცი”, დეკემბერში კი მათი რაოდენობა 17%-მდე გაიზარდა.
NDI-იმ ვაქცინაციის მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა განაწილება ასევე შეამოწმა დასახლების, ასაკის, სქესისა და პარტიული მხარდაჭერის მიხედვით.
ყველაზე პოპულარული მიზეზი რის გამოც მოქალაქეები აცრაზე უარს ამბობენ კვლევის მიხედვით არის ის გარემოება, რომ არ ენდობიან ვაქცინის ხარისხს (48%), ასევე ფიქრობენ, რომ ვაქცინაციის გარეშეც შეიძლება პანდემიის დამარცხება (20%). ნახეთ მიზეზების სრული ჩამონათვალი:
გამოკითხული მოქალაქეები ამბობენ, რომ კორონავირუსის შესახებ ინფორმაციას ყველაზე ხშირად ტელევიზიდან იღებენ, ამ კუთხით მეორე ადგილზე ინტერნეტია.
ამასთან კვლევის თანახმად კორონავირუსის საკითხებზე მოსახლეობა ყველაზე მეტად სამედიცინო მუშაკების მიერ მიწოდებულ ინფორმაცია ენდობა.
NDI-ის ცნობით, აღნიშნული კვლევა 17-24 თებერვლის პერიოდში საქართველოს მასშტაბით 2,024 სატელეფონო ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1.4 პროცენტი. რესპონდენტები შემთხვევით ნომერზე დარეკვის მეთოდით შეირჩნენ. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.