ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დათა ვანიშვილს სამოქალაქო თავდადებისთვის მედლით დააჯილდოვებენ

23 მარტი, 2021 •
დათა ვანიშვილს სამოქალაქო თავდადებისთვის მედლით დააჯილდოვებენ

სოფელ ხურვალეთში, გამყოფ ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი გარდაცვალების შემდეგ დაჯილდოვდება “სამოქალაქო თავდადების მედლით”.

ინფორმაცია ნეტგაზეთს დაუდასტურეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაშიც.

“დათა ვანიშვილის დაჯილდოების საკითხი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისი გარდაცვალებისთანავე იქნა განხილული. პრეზიდენტის ინიციატივის თანახმად, დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ მედლით სამოქალაქო თავდადებისთვის დაჯილდოვდება”, – აცხადებენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში

დაჯილდოების ცერემონიალი 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, ორბელიანის სასახლეში გაიმართება.

წარსულში იგივე მედალი სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ გადასცა გამყოფ ხაზთან მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახს.


დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. მის დაკრძალვაზე დასწრება ვერ შეძლეს ახლო ნათესავებმა და შვილიშვილმა. სამოქალაქო აქტივისტებმა მავთულხლართები სიმბოლურად ყვავილებით შეამკეს. სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, თეა ახვლედიანმა განაცხადა, რომ დათა ვანიშვილი იყო ოკუპაციასთან ბრძოლის სიმბოლო.

მასთან ხშირად ჩადიოდნენ საქართველოში ჩამოსული უცხოური დიპლომატიური დელეგაციების წარმომადგენლები, რათა გაცნობოდნენ გამყოფ ხაზთან არსებულ ვითარებას.

დათა ვანიშვილი იყო მალხაზ ვანიშვილის (კურტაევის) ბაბუა, რომელსაც ცხინვალის დე ფაქტო მთავრობამ “მოქალაქეობა მიანიჭა”, თუმცა მოგვიანებით, თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოპარვის შემდეგ, მალხაზ ვანიშვილმა განაცხადა, რომ იგი ძალადობის ქვეშ იმყოფებოდა და ფეხმძიმე მეუღლეს განძრახ დააშორეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი