“ევროკავშირი დღეს ცდილობს გაუმკლავდეს არა მხოლოდ ახალ კორონავირუსს, არამედ დეზინფორმაციის ვირუსს”, – განაცხადა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა ნატალი საბანაძემ.
ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში გამართულ ონლაინ საჯარო ლექციაზე ნატალი საბანაძემ ისაუბრა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე, ევროკავშირის გამოწვევებზე კორონავირუსის პანდემიის ფონზე და იმაზე, თუ როგორ ეხმარება ევროკავშირი საქართველოს.
ნატალი საბანაძემ გაიხსენა ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს სტრატეგიული კომუნიკაციის ოპერატიული სამუშაო ჯგუფის კვლევა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე სახელმწიფო, განსაკუთრებით რუსეთი და ჩინეთი, კოორდინებულად მოქმედებენ, რათა კორონავირუსით შექმნილი სიტუაცია საკუთარი პოზიციების გასაძლიერებლად და დასავლეთის, მათ შორის, ევროკავშირის წინააღმდეგ საბრძოლველად გამოიყენონ.
“ერთი მხრივ, ალბათ, უცნაურია, რადგან საერთო საფრთხის ქვეშ ვართ და შეიძლება ვთქვათ, რა დროს გეოპოლიტიკური კინკლაობაა, მაგრამ, სამწუხაროდ, კრიზისი სწორედაც რომ ბევრისთვის არის შესაძლებლობა და ეს ქვეყნები ამ შესაძლებლობას ძალიან კარგად იყენებენ. პროპაგანდა და იდეოლოგიური დაპირისპირება ახალი არ არის. ჩვენ ვიცით ცივი ომი და იდეოლოგიური დაპირისპირება იმის თაობაზე, ლიბერალური კაპიტალიზმი უკეთესია თუ კომუნისტური სოციალიზმი. შეიძლება ითქვას, რომ ამ ომში დამარცხებული ძალა ახლა გარკვეულწილად ცდილობს რევანშს და უფრო დახვეწილი მეთოდებით მიდის ბრძოლა დასავლეთის, როგორც “კარგი ალტერნატივის მითის” დასამსხვრევად, რაც სინამდვილეში მითი არ არის და რეალობაა. ჩვენ ვნახეთ საუბრები, როგორი უმწეოა ევროკავშირი; როგორ მიატოვეს იტალიელები და მათ გადასარჩენად ჩინელი და რუსი ექიმები ჩავიდნენ; რომ რუსეთმა რეალური დახმარება გაუწია მაშინ, როდესაც ევროკავშირმა ფული გამოყო სხვადასხვა საზოგადოებების დასაფინანსებლად და ა.შ. ანუ არაფერზე გადაყარა”, – განაცხადა ნატალი საბანაძემ.
მისი თქმით, ეს ბრძოლა დღეს ძალიან გააქტიურებულია და მისი მიზანია, ევროკავშირისადმი, როგორც ეფექტური და მიმზიდველი პოლიტიკური გაერთიანებისადმი, რწმენა შეირყეს. ნატალი საბანაძის თქმით, ეს პროპაგანდა მკვეთრად იგრძნობა ევროკავშირშიც და საქართველოში, მაგრამ საქართველოში ერთიანი ევროპის იდეის მიმართ მიმზიდველობა ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ბევრ წევრ სახელმწიფოში.
საბანაძე აღნიშნავს, რომ ევროკავშირმა ნათლად აჩვენა, რომ არ დატოვებს კრიზისში პარტნიორებს და ამისთვის კონკრეტული თანხები გამოყო. ასევე, ჩვეულებრივ ვითარებაში პარტნიორი ქვეყნებისთვის გათვალისწინებული ყოველწლიური დახმარება გადაამისამრთა კორონავირუსის კრიზისთან საბრძოლველად.
“საქართველო ყოველწლიურად იღებს დიდი რაოდენობის დახმარებას ევროკავშირიდან, ეს იქნება რეგიონული, ორმხრივი, გრანტები, შეღავათიანი სესხები თუ სხვა. გაწერიალია მიმართულებები, მონიტორინგის და ანგარიშგების მექანიზმი. ამ შემთხვევაში, იქიდან გამომდინარე, რომ არის ახალი პრიორიტეტები, მოხდა გადანაწილება ჩვენი დახმარების პაკეტის, რომელიც გადამისამართდება ჯანდაცვის სექტორის გასაძლიერებლად და მხარდასაჭერად, ასევე, ეკონომიკის მხარდასაჭერად. ასევე, არის პირდაპირი მაკროფინანსური დახმარება, რომელიც საქართველოს დასჭირდება ეკონომიკური სიტუაციის სტაბილიზაციისთვის. რაღაც პირობები იქნება შესასრულებელი, მაგრამ ამ შემთხვევაში, რადგან საქმე კრიზისს ეხება, ევროკავშირის დახმარება იქნება უფრო მოქნილი. ჩვენგან დღესდღეობით ელიან კრიზისის დაძლევის გეგმას და ამ გეგმის განსახორციელებლად ასევე გამოიყოფა დახმარება ევროკავშირიდან”, – განაცხადა ნატალია საბანაძემ.
საუბარია 250 მლნ ევროს რაოდენობის გრანტისა და 150 მლნ ევროს რაოდენობის სესხის შესახებ, რომელიც ევროკავშირი საქართველოს დასახმარებლად გამოყოფს.
ნატალი საბანაძემ ასევე ისაუბრა საქართველოს მიერ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებზე და თქვა, რომ ამ თემით დაინტერესებული ბელგიის მედია ხშირად უკავშირდება საქართველოს საელჩოს და სთხოვს, რესპონდენტებთან დაკავშირებას და გამოცდილების გაზიარებას.
“ევროკავშირის საზოგადოებისთვის საქართველო ჯერ კიდევ შორს არის. ყველანაირი ახალი ამბავი, რომელშიც საქართველო ფიგურირებს, როგორც მოწინავე ქვეყანა, მნიშვნელოვანია. ვერ ვიტყვი, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებამდე მიგვიყვანს ან მთლიანად შეცვლის განწყობებს, მაგრამ ყველანაირი პატარა ცვლილება, რომელიც აქაური მოქალაქეებს ინტერესს იწვევს და პოზიტიურ ცნობისმოყვარეობას ქმნის, იქნება კარგი”, – განაცხადა მან.
ამასთან, ელჩი ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის ბევრ ქვეყანასა და საქართველოში იდენტური შემზღუდავი ზომებია მიღებული, თუმცა მიიჩნევს, რომ საქართველომ უფრო მკაცრი ზომების გატარება ბევრად უფრო ადრე დაიწყო.
“ბელგია ამას ჩამორჩა და მივიღეთ შედეგად ის, რომ როგორც დაინფიცირებულის, ისე მსხვერპლის რაოდენობა მეტია. განსაკუთრებით მძიმე მგომარეობაა მოხუცებულთა სახლებში, სადაც ნახევარზე მეტი გახდა ვირუსის მსხვერპლი. სოციალური დისტანციის ზომები, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ყველგან მოქმედებს ევროკავშრიში. რეკომედაციაა, რომ რამდენადაც შესაძლებელია, ყველამ იმუშაოს სახლიდან. გარეთ გასვლა, სეირნობა, ვარჯიში შეიძლება. ყველა ეძებს კარგ მაგალითს, შესაძლებლობას, რომ შეისწავლოს, რა ზომა იყო ეფექტური, იმიტომ, რომ ეს არის პანდემია, რომლის გარშემოც ძალიან ბევრ კითხვაზე პასუხი გაუცემელია. მეორე ნაწილია კრიზისიდან გამოსვლა”, – განაცხადა ნატალი საბანაძემ და დასძინა, რომ სწორედ კრიზისის დაძლევის სტარტეგიაში იქნება ევროკავშირის როლი ძალიან მნიშვნელოვანი.
ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეული დახმარების შესახებ წაიკითხეთ ბმულზე:
ევროკავშირი COVID-19-თან საბრძოლველად საქართველოს 183 მლნ ევროთი დაეხმარება