“გირჩის” ერთ-ერთმა ლიდერმა ვახტან მეგრელიშვილმა დღეს, 19 მარტს, “რუსთავი 2-ის” ეთერში განაცხადა, რომ მისი პარტია “ქართულ ოცნებასთან” პირდაპირ დიალოგს იწყებს.
როგორც მეგრელიშვილმა განმარტა, შარლ მიშელის წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მედიატორობით წარმართულმა უშედეგო მოლაპარაკებებმა აჩვენა, რომ პრობლემა სხვების მედიატორობით ვერ მოგვარდა.
“ჩვენ უნდა გავარკვიოთ, რა მასშტაბის შარში ვართ და მერე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. როგორც მინიმუმ, უკვე ხომ ნაკლები იმედი გვაქვს, რომ ფასილიტატორები გადაწყვეტენ ჩვენს პრობლემას? უნდა შევეცადოთ, რომ თუ რამე უნარი გვაქვს, მოვიფიქროთ გამოსავალი და ვცადოთ მისი განხორციელება, დავტესტოთ.
ჩვენ დავიწყებთ მოლაპარაკებას “ქართულ ოცნებასთან”. მე შევუთანხმდი, დავუკავშირდი “ქართულ ოცნებას”, რომ მათთან მქონდეს უშუალო ურთიერთობა. ვისაც უნდა, ჩვენ ყველასთან ღია ვართ, ყველასთან ვსაუბრობთ და დიახ, “ქართულ ოცნებას” შევუთანხმდი, რომ შევეხმიანები და უშუალოდ მათთან დავიწყებ ლაპარაკს”, — თქვა ვახტანგ მეგრელიშვილმა.
მოლაპარაკებების მედიაციისთვის კრისტიან დანიელსონი საქართველოში 12 მარტს ჩამოვიდა. ერთი კვირის განმავლობაში მან არაერთი ინდივიდუალური შეხვედრა გამართა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ასევე, “ქართულ ოცნებასთან”. 17-18 მარტს მედიატორი მხარეებს ერთობლივად შეხვდა, თუმცა მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა და კრისტიან დანიელსონმა საქართველო დატოვა.