ნეტგაზეთი | “კონტაქტების დამყარების იმიტაცია” – თბილისი დე ფაქტო აფხაზეთის ელჩის შეხვედრებზე “კონტაქტების დამყარების იმიტაცია” – თბილისი დე ფაქტო აფხაზეთის ელჩის შეხვედრებზე – Netgazeti
RU | GE  

“კონტაქტების დამყარების იმიტაცია” – თბილისი დე ფაქტო აფხაზეთის ელჩის შეხვედრებზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აფხაზეთის დე ფაქტო ელჩის სირიაში, ბაგრატ ხუტაბას შეხვედრები უცხოელ დიპლომატებთან არის საოკუპაციო რეჟიმებთან კონტაქტების დამყარების იმიტაცია.

“საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ წლების განმავლობაში წარმოებული წარმატებული არაღიარების პოლიტიკა, ისევე, როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მხრიდან რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციისა და ეფექტური კონტროლის ფაქტის დადგენა, ბუნებრივია, დიდ დისკომფორტს უქმნის რუსეთის ფედერაციას, რადგან ის მოსკოვს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და იქ განხორციელებული ეთნიკური წმენდის გადაფარვის შესაძლებლობას არ აძლევს.

ამიტომ რუსეთი და მისი საოკუპაციო რეჟიმები ყველანაირ ხერხს მიმართავენ, რათა შექმნან საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენელთა მიერ საოკუპაციო რეჟიმებთან კონტაქტების დამყარების იმიტაცია. სქემა, რომლითაც ისინი მოქმედებენ, მარტივია: რუსეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე ისინი მონაწილე სტუმრებთან საუბრის გაბმას და ხელის ჩამორთმევას ცდილობენ, მოგვიანებით კი აღნიშნულს საერთაშორისო თანამშრომლობისა და კონტაქტების დამყარების ფაქტად ასაღებენ.

საერთაშორისო სამართალი და საერთაშორისო თანამეგობრობა მტკიცედ დგას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიულ მთლიანობის დაცვის სადარაჯოზე. ამის დასტურია სტრასბურგის სასამართლოს ისტორიული გადაწყვეტილება, ისევე, როგორც გაეროს, ეუთოს, ევროპის საბჭოს, ევროკავშირის, ნატოსა და ცალკეული სახელმწიფოების მიერ მიღებული უმნიშვნელოვანესი აქტები, გადაწყვეტილებები, რეზოლუციები, განცხადებები თუ ანგარიშები”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ნეტგაზეთმა 17 მარტს გამოაქვეყნა მასალა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დე ფაქტო აფხაზეთის ელჩი სირაიში, ბაგრატ ხუტაბა მართავდა შეხვედრებს ირან-სირიის სავაჭრო პალატის წარმომადგენლებთან, იემენის ჰუსიტური მთავრობის ელჩთან და პაკისტანის ელჩთან სირიაში. შეხვედრები გაიმართა მხარეთა ოფიციალურ საელჩოებსა და ოფისებში.

 


იხილეთ ნეტგაზეთის მასალა:

სოხუმის ცნობით, დე ფაქტო აფხაზეთის ელჩი სირიაში უცხოელ დიპლომატებს ხვდება

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ზურაბ მენაღარიშვილი არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2020 წლის 01 ოქტომბრიდან მობ: +995 574131276; ელ-ფოსტა: zmenaghare@gmail.com