საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 27 წლის ექთნის, მეგი ბაქრაძის, გარდაცვალების გამო წუხილს გამოთქვამს და მის ოჯახს სამძიმარს უცხადებს.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, მეგი ბაქრაძის მაგალითი მეტი სიფრთხილისკენ მიგვითითებს და არა უკან დახევისკენ.
“ძალიან უსამართლოა, როცა სიკვდილი გვართმევს ახალგაზრდა ქალს, ექთანს, რომელიც მედგრად აწარმოებდა შეუპოვარ ბრძოლას პანდემიასთან, გვართმევს სწორედ იმ დროს, როცა ვაქცინასთან ერთად ახალი იმედი გაჩნდა.მან კარგად იცოდა, რომ ვაქცინის გარეშე, ჩვენთან არსებულ 3 683 მსხვერპლს, პანდემიის საბოლოო დამარცხებამდე, კიდევ ბევრი დაემატებოდა.მან კარგად იცოდა, რომ ეს გზა გასავლელი ჰქონდა და ეს სიტყვებიც დაგვიტოვა: „ვაქცინაცია აუცილებელია, რომ გადავიტანოთ ეს ვირუსი და გადავრჩეთ“. თვითონ გადაწყვიტა მაგალითის მიცემა, წინა ხაზზე გამოსვლა და ის ამ ბრძოლის გმირად დარჩება. მისი მაგალითი მეტი სიფრთხილისკენ მიგვითითებს, კიდევ უფრო მეტი ზომების დაცვისკენ და არა უკან დახევისკენ”, — აცხადებს პრეზიდენტი.
სალომე ზურაბიშვილი სამძიმარს აცხადებს ოკუპირებული ტერიტორიის მხარეს გარდაცვლილი, დათა ვანიშვილის გამო. მისი თქმით, დათა ვანიშვილიც ყველასთვის შეუგუებლობის და შეუპოვარი ბრძოლის მაგალითი იყო.
“ის თავისი მაგალითით გვაჩვენებდა, რომ ყველა ადამიანს საკუთარი ღირსებით შეუძლია გაუმკლავდეს ყველაზე ძლიერ მტერს და არ დამარცხდეს. გარდაიცვალა, თუმცა დაუმარცხებელი, ის საბოლოოდ მიებარება ჩვენს მიწას, საიდანაც ოკუპაციამაც ვერ გააძევა. გვაჩვენებდა, რომ იმედი ყოველთვის ცოცხლობს.მან საქართველოს მოქალაქეობა არაფერში გაცვალა. მინდა მივუსამძიმრო მის ოჯახს და ყველა ქართველს, ვისაც ხვალინდელი გაერთიანების სჯერა. ასეთ ადამიანებზე იდგა და დგას ჩვენი ქვეყანა. ამ ადამიანების გამო და მათი მაგალითის გათვალისწინებით, უნდა შევძლოთ და მივაღწიოთ იმ პოლიტიკურ შერიგებას და ქვეყნის დაწყნარებას, რასაც ჩვენი საზოგადოება მოელის და იმსახურებს!” — აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.