ახალი ამბები

რატომ შეიძლება “კომენდატის” მოხსნა ფეხბურთისთვის და არა — ნოვრუზ ბაირამისთვის?

18 მარტი, 2021 •
რატომ შეიძლება “კომენდატის” მოხსნა ფეხბურთისთვის და არა — ნოვრუზ ბაირამისთვის?

საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემი ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს სრულყოფილად ვერ იზეიმებს. სათემო ორგანიზაციების თხოვნა, 1 დღით, გამონაკლისის სახით, სახალხო დღესასწაულის აღსანიშნად მოხსნილიყო კომენდანტის საათი, ხელისუფლებამ ჯერ რელიგიის საქმეთა სააგენტოს გადასცა განსახილველად, ბოლოს კი უარი თქვა მის დაკმაყოფილებაზე.

ეს 18 მარტს მოხდა. ამავე დღეს, ხელისუფლებამ დაუშვა ესპანეთთან საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივართა ნაწილობრივი დასწრება და ბილეთების მფლობელთათვის გადაადგილების შეზღუდვის გადაწევა, რამდენიმე თვით ადრე კი აღნიშნული შეზღუდვა მოხსნა როგორც ახალი წლის ღამეს, ისე — მართლმადიდებლურ შობას.

ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და არასამთავრობო სექტორში რჩებათ განცდა, რომ ერთი მხრივ, სახელმწიფო ორმაგი სტანდარტით მოქმედებს, მეორე მხრივ კი — არ იცნობს ქვეყანაში მცხოვრები ეთნიკური ჯგუფების კულტურას.

“ვირუსის გავრცელების მომატებული რისკია” — მთავრობა

ეთნიკურად აზერბაიჯანელი თემი ნოვრუზ ბაირამს 21 მარტს აღნიშნავს, სადღესასწაულო რიტუალების დიდი ნაწილი კი ღამით იმართება. ტრადიციის მიხედვით, ღამით ანთებენ კოცონს, შლიან სუფრას, მართავენ შეჯიბრს წითელი კვერცხებით და ერთმანეთთან არიგებენ ნაჩხუბარ ადამიანებს.

სწორედ ამიტომ, აქტივისტებმა და სათემო ორგანიზაციებმა ხელისუფლებას მიმართეს, ამ დღეს, გამონაკლისის სახით, კომენდანტის საათი მთელ საქართველოში მოხსნილიყო და ამით ყველას თანაბრად ესარგებლა.

“ჩვენთვის ეს დღესასწაული (და არც საქართველოს აზერბაიჯანელი თემი) კონკრეტული რეგიონით ან ვიწრო ეთნიკური ხაზებით არ არის შემოფარგლული. ჩვენ ამ დღესასწაულს ჩვენს ქართველ, სომეხ, მუსლიმ ქართველ, ქისტ, იეზიდ და სხვა მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ”, — აღნიშნავდნენ ისინი წერილში.

ახალგაზრდა აქტივისტები აღნიშნავდნენ, რომ ესმით შეზღუდვების მნიშვნელობა, თუმცა, ვინაიდან ვირუსის დადასტურებული შემთხვევების ოდენობა შემცირებულია, შესაძლებლად მიიჩნიეს, 1 დღის გამონაკლისი დაშვებულიყო. მთავრობამ ეს თხოვნა იუარა.

“კულტურულ, რელიგიურ და მსგავს დღესასწაულებზე, ხალხმრავლობიდან გამომდინარე, ვირუსის გავრცელების მომატებული რისკია, განსაკუთრებით იმ დროს, როდესაც შეზღუდვების უმეტესობა მოხსნილია, მსგავს დღესასწაულებთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არ არის”, – განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ილია დარჩიაშვილმა.

“ჩვენთვის გაუგებარია ეს არგუმენტი”

თხოვნის წერილის ავტორთა შორის სამოქალაქო აქტივისტი და პლატფორმა “სალამის” წევრი ქამრან მამედოვი იყო. მას ამ ისტორიაში ორი ფაქტი მიაჩნია პრობლემურად:

  • რატომ იუარა ხელისუფლებამ გამონაკლისის დაშვება მაშინ, როცა ეს წარსულში, სხვა თარიღების შემთხვევაში, უკვე გააკეთა;
  • რატომ გადაუგზავნეს აქტივისტების წერილი განსახილველად რელიგიის საქმეთა სააგენტოს, როცა ნოვრუზ ბაირამი სახალხო დღესასწაულია და რელიგიასთან კავშირი არ აქვს.

“[რელიგიის სააგენტოსთან გადამისამართება] ჩვენი შეფასებით არის არსებითად პრობლემური, რადგანაც სახელმწიფო ვერ ხედავს და არ იცნობს კარგად არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების ტრადიციებსა და კულტურას. არ იცის, რომ ნოვრუზს არსებითად არანაირი კავშირი არ აქვს რელიგიასთან.

შეიძლება, ვიღაც ბიუროკრატმა რაღაც გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ისე გულცივად, არაპროფესიონალურად გააკეთა ეს, რომ არც კი გაიკითხა, რა იყო ნოვრუზ ბაირამი”, — ეუბნება ქამრან მამედოვი “ნეტგაზეთს”.

ქამრან მამედოვი

ის ასევე გვიხსნის, რატომ მიაჩნია გამონაკლისის დაშვებაზე უარის თქმა პრობლემურად და გაუგებრად. აქტივისტი ერთი მხრივ, აღნიშნავს, რომ ვირუსის შემთხვევათა რიცხვი ახლა გაცილებით დაბალია, ვიდრე, მაგალითად, რამდენიმე თვის წინ. თუმცა, კითხვებს მხოლოდ ეს გარემოება არ აჩენს:

“ყველაზე მთავარი, რაც გაუგებარია ჩვენთვის, არის ის, რომ სპიკერის სიტყვებით, არანაირ კულტურულ, რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით შეზღუდვების მოხსნას არ აპირებენ. თუმცა, ჩვენ კარგად გვახსოვს, ახალი წლის პერიოდში, რომელიც უმეტესად კულტურული დღესასწაულია, ასევე, შობის დღეს, გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა.

პრობლემურია ეს გადაწყვეტილება და გვიტოვებს განცდას, რომ დისკრიმინირებულ, გარიყულ, ჩაგრულ მდგომარეობაში გვტოვებს არადომინანტურ ჯგუფებს”.

ქამრან მამედოვის თქმით, ხელისუფლების გადაწყვეტილება სამწუხაროა, თუმცა არც ის და არც სხვა აქტივისტები აპირებენ, შეზღუდვები დაარღვიონ.

“ნეტგაზეთმა” სცადა, ამ საკითხზე მმართველი გუნდის წარმომადგენლების, კერძოდ, პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრთა შეფასებები მოესმინა, მაგრამ უშედეგოდ. 

…მაშინ რატომ დაუშვეს გამონაკლისი საფეხბურთო მატჩზე?

ხელისუფლების გადაწყვეტილებაში პრობლემას სამოქალაქო აქტივისტი და ძველი ქართული ლიტერატურის მკვლევარი, ოქტაი ქაზუმოვიც ხედავს. როგორც ამბობს, მთავრობის პასუხი უჩენს განცდას, რომ:

“ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების, ყველანაირი ჯგუფების აზრი ნიველირებულია ხელისუფლებისგან. არავითარი მათი ინიციატივა არ იქნება შეწყნარებული და ყველა ინიციატივა უნდა მოდიოდეს ხელისუფლებისგან, დანარჩენებმა კი ტაში უნდა დავუკრათ და ქედი მოვუხაროთ”.

ოქტაი ქაზუმოვის თქმით, აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებს დღესასწაულის აღნიშვნა პანდემიის თანმდევი წესების დაცვით სურდათ, აღნიშნულზე თანხმობა კი “იქნებოდა ძალიან კარგი ჟესტი, ერთგვარი სანოვრუზო საჩუქარი საქართველოს ხელისუფლებისგან”. თუმცა, ასე არ მოხდა.

ამის პარალელურად, ხელისუფლებამ თქვა, რომ 28 მარტს ესპანეთთან გასამართ საფეხბურთო მატჩზე გულშემატკივრები ნაწილობრივ დაიშვებიან და მატჩის სტუმრები სახლში დაბრუნებას 12 საათამდე, ე.წ. “კომენდანტის საათის” ამოქმედების შემდეგაც შეძლებენ. საუბარია სტადიონზე გათვალისწინებულ მაყურებელთა 30%-ის, ანუ 15 000-მდე გულშემატკივრის დაშვებაზე.

“სამოქალაქო ინიციატივებს არსშივე ბლოკავენ და [ამ დროს, თქვეს], რომ [მაყურებელთა] 30% დაესწრება საფეხბურთო მატჩს.

თუ 30% შეიძლება დაესწროს და რეგულაციების დაცვის ჩატარდეს ეს ყველაფერი, [ნოვრუზის შემთხვევაშიც] შეიძლებოდა, ჩატარებულიყო რეგულაციების დაცვით. როგორც ახალ წელს იყო შეზღუდვები მოხსნილი, აქაც არაფერი დაშავდებოდა ამით”, — აღნიშნავს ქაზუმოვი.

პრივილეგიები დომინანტ ჯგუფს — რაზე მიანიშნებს ეს?

“ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის” წარმომადგენელი ეკა ჭითანავა აზერბაიჯანელი თემის თხოვნაზე უარს დისკრიმინაციად განიხილავს.

მისი თქმით, ხელისუფლება გამონაკლისებს მხოლოდ დომინანტი ჯგუფისთვის უშვებს და ეს გააკეთა შობის შემთხვევაშიც, როცა 7 იანვარს(მართლმადიდებლურ შობაზე) გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნა, 25 დეკემბერს კი — არა.

ეკა ჭითანავა. ფოტო: მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია

“ჩვენ [მაშინ] მოვისმინეთ მთავრობის უმაღლესი პირების განცხადებები: მათ შორის, ვიცე-პრემიერის, როდესაც ამბობდა, რომ თუკი განსხვავებული კონფესიის წარმომადგენლებს სურდათ შობის დღესასწაულზე ეკლესიაში მისვლა, წინასწარ უნდა შეეტყობინებინათ სახელმწიფო უწყებებისთვის და მრევლის სია უნდა მიეცათ.

გარდა ამისა, ამბობდა, რომ უმრავლესობა მაინც მართლმადიდებელია და ეს პრობლემას არ წარმოადგენს. ამას ასევე წინ უძღოდა მაშინდელი პრემიერის განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ საქართველო არის მართლმადიდებელი სახელმწიფო”, — აღნიშავს ჭითანავა და ამატებს:

“მთელი ეს ჯაჭვი, რაც ჩვენ მივიღეთ კორონავირუსის გავრცელების პერიოდში და იმ პრივილეგიების გათვალისწინებით, რომელთაც სახელმწიფო დომინანტურ ჯგუფს ანიჭებდა და ხშირად ამის ფონზე ზღუდავდა და ზღუდავს სხვა რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების გამოხატვას, მოწმობს, რომ იგი მიზანმიმართულად ატარებს დისკრიმინაციულ პოლიტიკას, უგულებელყოფს მოქალაქეთა თანასწორუფლებიანობას, სახელმწიფოს და რელიგიურ ინსტიტუტებს შორის ურთიერთგამიჯვნის კონსტიტუციურ პრენციპებს და ეთნიკური უმცირესობების შემთხვევაშიც არ ითვალისწინებს მათ ინტერესებს, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა [ნოვრუზზე] გადაწყვეტილებითაც”.

ეთნიკური უმცირესობების მიმართ სახელმწიფოს მიდგომებზე საუბრისას, ეკა ჭითანავა ხაზს უსვამს მიმდინარე კვირაში მიღებული გადაწყვეტილების პრობლემურობასაც, როცა ეროვნული უმცირესობების საკონსულტაციო კომისია პარლამენტმა დიასპორის კომიტეტის ბაზაზე შექმნა.

ცოტა რამ ნოვრუზზე: რატომ არ არის ის რელიგიური დღესასწაული

დღესასწაულის სახელწოდება ორ სპარსულ სიტყვას აერთიანებს. “ნოვ” სპარსულად ახალს ნიშნავს, “რუზ” — დღეს. დაახლოებით 300 მილიონი ადამიანი მსოფლიოს გარშემო — უმთავრესად, ირანში, თურქეთში, აზერბაიჯანში, ავღანეთში, ერაყსა და სხვა ქვეყნებში — ნოვრუზ ბაირამით გაზაფხულის მოსვლას აღნიშნავს, ზოგიერთ შემთხვევაში კი ის ახალ წელთანაც არის გაიგივებული.

დღესასწაულს ათასობით წლის ისტორია აქვს. საზეიმო რიტუალები რამდენიმე კვირის განმავლობაში გრძელდება და საბოლოოდ, გაზაფხულის ბუნიობაზე სრულდება. დასკვნით ზეიმს წინ უძღვის ე.წ. ოთხშაბათობები (ჩერშენბე) — ცეცხლის, წყლის, ქარისა და მიწის.

ნოვრუზის სუფრა

“4 ელემენტი ერთმანეთის მიყოლებით იღვიძებს”, — ასე აღწერს ოქტაი ქაზუმოვი ხსენებულ ოთხშაბათობებს, შემდგომ კი ამატებს:

“ვფიქრობ, რომ ნოვრუზმა რელიგიური ხასიათი შეიძინა მხოლოდ და მხოლოდ მაზდეანობის [ცეცხლთაყვანისმცემლობის] დროს, როცა მისი მთავარი სიმბოლო გახდა ცეცხლი. შეიძლება, მაზდეანობამდეც ეს იყო, მაგრამ მაზდეანობის დროს რელიგიურად გაშინაარსდა. მაზდეანობისთვის ცეცხლი არის მზის სიმბოლო დედამიწაზე, მზე კი, თავის მხრივ აჰურამაზდას — სიკეთის ღმერთის, საწყისის — სიმბოლო იყო”.

ქაზუმოვი ხაზს უსვამს, რომ როდესაც ირანში ისლამი გავრცელდა, ადგილობრივებისთვის ნოვრუზის აღნიშვნა არ აუკრძალავთ, თუმცა ამ პერიოდიდან მოყოლებული, ის განიძარცვა იმ რელიგიური შინაარსისგანაც, რომელიც მაზდეანობის დროს მიიღო.

“დღეს სცოდავენ ჩვენი ხელისუფალნი და საზოგადოების უმრავლესობა იმით, რომ ჰგონიათ ეს მუსლიმური დღესასწაული და რელიგიური დღესასწაული. არ გახლავთ ის, ყოველ შემთხვევაში, აზერბაიჯანელებისთვის, რელიგიური დღესასწაული.

არცერთ რელიგიურ ელემენტს, მათ შორის, ლოცვას, ის არ ითვალისწინებს. მაგალითად, მარხვის დღესასწაული ან მსხვერპლშეწირვის დღესასწაული, ეს არის წმინდა წყლის რელიგიური, ისლამური დღესასწაულები. ხოლო ნოვრუზ ბაირამი არის სახალხო, საერო დღესასწაული და არავითარი რელიგიური რიტუალი არ სრულდება. არც სასულიერო პირები მონაწილეობენ [პროცესში]”, — დასძენს ის.

ასევე გირჩევთ:

რატომ არის პრობლემა ეროვნული უმცირესობების საბჭოს შექმნა დიასპორის კომიტეტის ბაზაზე

მასალების გადაბეჭდვის წესი