ნეტგაზეთი | ორგანზიაცია “სალამ” ნოვრუზთან დაკავშირებით “კომენდანტის საათის” გაუქმებას ითხოვს ორგანზიაცია “სალამ” ნოვრუზთან დაკავშირებით “კომენდანტის საათის” გაუქმებას ითხოვს – Netgazeti
RU | GE  

ორგანზიაცია “სალამ” ნოვრუზთან დაკავშირებით “კომენდანტის საათის” გაუქმებას ითხოვს

საქართველოში მცხოვრები ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა შექმნილი არასამთავრობო ორგანიზაცია “სალამ” 21 მარტს “კომენდანტის საათის” გაუქმებას ითხოვს.

როგორც ორგანიაზაცია გავრცელებულ განცხადებაში წერს, ნოვრუზის რიტუალების ძირითადი ნაწილი სწორედ საღამოს საათებში ხდება, 21 საათიდან დაწესებული შეზღუდვა კი რიტუალების სრულფასოვნად ჩატარებაში დღესასწაულში მონაწილეებს ხელს შეუშლის.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია “კომენდანტის საათი” არა კონკრეტულად რომელიმე რეგიონში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით გაუქმდეს:

“არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, გვესმის, რომ შეზღუდვების შენარჩუნება და ვირუსთან ბრძოლის პროცესში მოსახლეობის მხრიდან სახელმწიფო სტრუქტურების მუშაობის მხარდაჭერა და არსებული რეკომენდაციების დაცვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ჩვენ, საქართველოს აზერბაიჯანელი თემის ახალგაზრდები, აქტიურად ვმუშაობთ, რათა მოსახლეობის ფართო მასებში ეპიდვითარებასთან დაკავშირებული შეზღუდვები სრულფასოვნად დაცული იყოს. ამასთანავე, არსებული შედარებით შემცირებული დადასტურებული შემთხვევების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ შესაძლებელია მხოლოდ ერთი დღით, 21 მარტს, მთელ საქართველოში გაუქმდეს გადაადგილების თავისფულების შეზღუდვა (კომენდანტის საათი) და მოსახლეობამ სტრესის, დაძაბულობის და დაჯარიმების შიშის გარეშე შეიქმნას ნოვრუზის სადღესასწაულო განწყობა.

არასწორი იქნებოდა, მხოლოდ ქვემო ქართლში, ან მხოლოდ საქართველოს აზერბაიჯანელი თემისთვის ამ შეზღუდვის ერთი დღით გაუქმება, რადგანაც ჩვენთვის ეს დღესასწაული (და არც საქართველოს აზერბაიჯანელი თემი) კონკრეტული რეგიონით ან ვიწროეთნიკური ხაზებით არ არის შემოფარგლული. ჩვენ ამ დღესასწაულს ჩვენს ქართველ, სომეხ, მუსლიმ ქართველ, ქისტ, იეზიდ და სხვა მეგობრებთან ერთად აღვნიშნავთ”, – წერს “სალამ” განცხადებაში.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ გასულ წელს კომენდანტის საათის დაწესება სწორედ 21 მარტს დაემთხვა, რის გამოც ეთნიკურმა და რელიგიურმა უმცირესობებმა ვერ შეძლეს ნოვრუზის აღნიშვნა, დღესასწაულთან დაკავშირებული რიტუალების სრულფასოვნად შესრულება და სადღესასწაულო განწყობის შექმნა.

საქართველოს ეთნიკურად აზერბაიჯანული თემის წარმომადგენლებმა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს საჯარო წერილით მიმართეს და სთხოვეს, ერთი დღით, 21 მარტს, — როდესაც ნოვრუზის დღესასწაული აღინიშნება, „კომენდანტის საათი“ (ფორმალურად გადაადგილების შეზღუდვა) გაუქმდეს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი